ავტორი:

"ყველა მძევალი ამ ეტაპზე გათავისუფლებულია, თუმცა სპეცოპერაცია გრძელდება" - რა ხდება ყვარელში, სადაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა?

"ყველა მძევალი ამ ეტაპზე გათავისუფლებულია, თუმცა სპეცოპერაცია გრძელდება" - რა ხდება ყვარელში, სადაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა?

"საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმის თაობაზე, განცხადება გააკეთა შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა, რომლის თქმითაც, ადგილზე შსს-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ, რათა მშვიდობიანად დასრულდეს სპეცოპერაცია. მისივე თქმით, ბანკის შენობაში არცერთი მძევალი აღარ იმყოფება.

"ყველა მძევალი თავისუფალია, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცავებმა ადგილზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. შეიარაღებასთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პირი ნამდვილად შეიარაღებულია. იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებითაც. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველს 23 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და როგორც შსს-ში განაცხადეს, სხვადასხვა თანხას ითხოვდა. ის ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და სპეცოპერაცია გრძელდება.

შეიარაღებული პირი ბანკში დღეს, დღის 4 საათზე შეიჭრა.