კალაძის გადასაწყვეტი არაა, როდის მივა ტესტზე, როცა გვეცლება, მაშინ გავაკეთებთ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კომპრომატები არსებობდეს.
როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კახა კალაძემ ნარკოტესტზე საუბარი იმიტომ წამოიწყო, რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს და გახარიასთან დებატებს თავი აარიდოს.
„ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერს შიდა ქართლში იარაღი ჩაუდეს, დაემუქრნენ, პროკურატურას ამაზე გამოძიებაც არ დაუწყია. ამაზე მეტსაც ველოდებით. „ოცნებისგან“, რომელიც ხელისუფლების დაკარგვის პირას დგას და ფაქტობრივად დღეებს ითვლის, აბსოლუტურად ყველაფერი მოსალოდნელია. რაც შეეხება ამ საკითხს, რამდენიც არ უნდა ეცადოს ბატონი კალაძე, რომ ვითომ რაღაც კამპანია წამოიწყო და ამის უკან არაფერი დგას, ამის უკან დგას მარტივი რამ, კალაძემ ეს ყველაფერი გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დებატებიდან საზოგადოების ყურადღება გადაეტანა და გახარიასთან პირისპირ დებატებისთვის თავი აერიდებინა.
ზოგადად, „ოცნება“ ყველაფრის მკადრებელია, ისეთ მეთოდებს იყენებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით გამორიცხულია, წარმოუდგენელია. მათგან ზოგადად ფაბრიკაციები და ყველაფერი მოსალოდნელია. ბევრი საქმე გვაქვს და კალაძის გადასაწყვეტი არაა, როდის მივა ტესტზე. როცა გვეცლება, მაშინ გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება დებატებს, რომელიც გახარიამ კალაძესა და მერობის სხვა კანდიდატებს შესთავაზა, მეზვრიშვილი ამბობს, რომ კახა კალაძესთვის დისკომფორტი იქნება.
„კალაძეს არაფერი ეტყობა, რომ დებატებზე თანახმაა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებზე მისი მხრიდან აქცენტს, მოდი, ჯერ გაბედოს, ნაბიჯი გადადგას და დებატებში დაუდგეს გახარიას. დანარჩენ კანდიდატებზე მერე ვილაპარაკოთ. ალბათ, როგორც ჩანს, მისთვის ისეთი კომფორტული გახარიასთან დებატებში ჯდომა ვერ იქნება, როგორც სხვა კანდიდატებისთვის და ბუნებრივია, მას ეს დისკომფორტი აქვს. ამიტომ ვურჩევდი, რომ გაბედოს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი გახარიამ მერობის კანდიდატები დებატებში გამოიწვია.