პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ მმართველ გუნდს მხარს გამოკითხულთა 48.6% დაუჭერდა.
ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 27.1%-ით, მესამე ადგილზე კი პარტია „საქართველოსთვის“ 5.8%.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს და გამოკითხვაში 2975 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.
,,დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები. საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8 პროცენტმა დაასახელა, ცდომილების ზღვარი არის 3%.
კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას - „ქართული ოცნება“ 48.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ - 5.8%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.4%, „მოქალაქეები“- 2.6% , „პატრიოტთა ალიანსი“ - 2.4%, „მესამე ძალა“ - 2.3%, „ლელო“ - 2.3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1.2%, გირჩი 1.1%, „ევროპული საქართველო“- 1.1% და სხვა პარტიები - 2.1%“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 32 მანდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 12 ადგილის მოპოვებას შეძლებს.
კვლევის თანახმად, თბილისის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა:
„ქართული ოცნება - 32 მანდატი,
„ნაციონალური მოძრაობა“ - 12 მანდატი
„საქართველოსთვის“ - 3 მანდატი
„გირჩი- მეტი თავისუფლება“ - 2 მანდატი
„მოქალაქეები“ - 1 მანდატი
„შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში მაჟორიტარების ჩათვლით მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია. ამისთვის, პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონისა თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით,“ - განაცხადა მდინარაძემ.
პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%.