ავტორი:

"მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი, სოფლის მეურნეობაში კი - 7 მლრდ დაიხარჯება" - პრემიერის გრანდიოზული დაპირებები და "ოცნების" პროექტები

"მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურაზე 32 მლრდ ლარი, სოფლის მეურნეობაში კი - 7 მლრდ დაიხარჯება" - პრემიერის გრანდიოზული დაპირებები და "ოცნების" პროექტები

8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“.

„უამრავი სხვა პროგრამა და პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუნდაც, გზების მშენებლობაში ჩვენ მილიარდობით ლარი დავხარჯეთ. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ხიდების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია, 170 ახალი სკოლა აშენდა და 250 სკოლის სრული განახლება-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება უფრო მეტი საქმის გაკეთება. ჩვენ ახლახან ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად, დაიწყო მართლაც საუკუნის პროექტი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც იქნება გამორჩეული მთელს რეგიონში. თუნდაც ეს გვირაბი, იქნება 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში. ეს პროექტი არა მხოლოდ ყაზბეგელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვიცი, რომ ზამთარში 100 დღის განმავლობაში იკეტება გზა და დღეში 3-4 ათასი ავტომანქანის გადაადგილება ხორციელდება, რაც დაკავშირებულია საცობებთან და ა.შ.. თუნდაც ეს ერთ კონკრეტული პროექტი რომ განვიხილოთ და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ის, რა თქმა უნდა, განტვირთავს გზებზე არსებულ მძიმე მოძრაობას, აღარასოდეს ჩაიკეტება ეს გზა და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დასრულდება ნატახტარის მონაკვეთი, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვალთ თბილისიდან ყაზბეგში. ასევე განიტვირთება გუდაური, რომელიც უნდა გარდავქმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საკურორტო ადგილად. გუდაური მართლაც უნიკალურია. გუდაურში ჩავალთ 1 საათში. ასევე შენდება 5 გვირაბი, ეს არის 23-კილომეტრიანი ახალი გზა, გუდაურის შემოვლითი გზა. ჯამში იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განტვირთული, უსაფრთხო გზები და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული გადაადგილება. გუდაურში მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური სამუშაოები. დავასრულეთ კობი-გუდაურის ახლი საბაგირო გზა, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი ლარი დაჯდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი გეგმა და ამოცანა აქვს ყველა მიმართულებით; ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში.

„სრულად მოწესრიგდება ყველა გზა, ყველა ხიდი, ყველა გვირაბი. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. უკვე აღვნიშნე სკოლების მშენებლობა, ასევე მინდა აღვნიშნო პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მნიშვნელობა. 800 სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. დაახლოებით ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილებს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს. ფასი არ ექნება ქალაქების განვითარებას, თუ რეგიონები თანაბრად არ განვითარდა, ყველა ის სიკეთე, დოვლათი და კეთილდღეობა, რომელიც იქმნება ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად არ გადანაწილდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული აღმოჩნდა "აწარმოე საქართველოში" და შეიქმნა ათასობით, სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ახლა ჩვენ ვგეგმავთ, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დაფინანსდება დაახლოებით 1 300-მდე ახალი საწარმო, ეს პროექტები და ეს პროგრამები გვაქვს გადანაწილებული იმგვარად, რომ თანაბრად მოხდეს რეგიონების განვითარება. ჩვენ გვაქვს შესწავლილი თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი. ყაზბეგს - ამ უნიკალურ ადგილს, რაც მთავარია, რა თქმა უნდა, აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ტურიზმის განვითარების, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული პროგრამების დაწყებას ვგეგმავთ. ჩემი დავალებით ყველა სამინისტრომ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ამ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება და აღდგება, ასევე მოეწყობა ახალი ტურისტული ლოკაციები. თითოეულ მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები და პროექტები.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს გვერდში და ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის რაღაც გაუაზრებელი და აბსოლუტურად უსარგებლო და უსაგნო პოლიტიკური დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს დღეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ და თქვენ, ყაზბეგელებს, ასეთ გონიერ, გამორჩეულ, ბრძენ ხალხს, კარგად მოგეხსენებათ. შემთხვევითი არ არის ის, ბატონებო, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის აგებდა ყაზბეგში, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს, სიმართლეს და სიყალბეს, ერთგულებას და ღალატს. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. „ქართული ოცნება“ იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში და ასევე ერთიანად, მტკიცედ, ერთიანი ძალისხმევით გააგრძელებს ქვეყნის მსახურებას, ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.