ავტორი:

"რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა... აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა" - ყვარელში, ბანკში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა... აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა" - ყვარელში, ბანკში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლად აყვანილი იოსებ სამხარაული მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად თავდამსხმელს სათვალე და პირბადე ეკეთა, მოქალაქეებს კი 112-ში დარეკვასა და თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.

„აგრესიით არ გამოირჩეოდა. უბრალოდ, ითხოვდა, რომ დაგვერეკა 112-ში და გვეთქვა რაც მოხდა, რომ მძევლები ჰყავს აყვანილი და თავის მოთხოვნას შემდეგ წამოაყენებდა. შემდეგ წამოაყენა თავის მოთხოვნა ფულთან დაკავშირებით, ნახევარ მილიონ დოლარს, ნახევარ მილიონ ლარს და ასევე, უსაფრთხო გასვლას ითხოვდა. რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა, ფაქტობრივად, სახე არ ჩანდა.

შემდეგ ნიღაბიც გაიკეთა. აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა. რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, მას შემდეგ რაც კომუნიკაციაზე წამოვიდა სამხარეო პოლიციის უფროსი, ის სთხოვდა, ემუდარებოდა და ეუბნებოდა, რომ გამოეჩინა გულისხმიერება და მან ქალბატონები ეტაპობრივად გაათავისუფლა“, - აცხადებს იოსებ სამხარაული.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. რამდენიმე საათში, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.