„კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მშვიდობიანად დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა შეწყდეს მისი პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა.
„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, როდესაც სამმილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, ძალიან გაწვალებული არიან ექიმები, როცა დღეში 78-86 ადამიანი უკვდებათ. პრაქტიკულად, ეს გენოციდს უდრის. ჩვენ სახელმწიფო გვქონდა, მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში კი სახელმწიფო არ გვაქვს. გამომდინარე აქედან და გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი დაბრუნების შესახებ განცხადებიდან, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში - დღეს ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა, ინვესტიციებით შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო. დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად.
ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანაა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება და სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა შეწყდეს მისი პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა! ჩვენ უნიჭოები არ ვართ, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს და არ გვასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც მე თავად არ მომწონდა, როცა ოპოზიციაში ვიყავი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.