ავტორი:

"ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი" - რა თქვა სასამართლოში რაფაელ მურსაკულოვმა და რა ახალი დეტალები გახდა მის შესახებ ცნობილი

"ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი" - რა თქვა სასამართლოში რაფაელ მურსაკულოვმა და რა ახალი დეტალები გახდა მის შესახებ ცნობილი

ახლა აღარაფერს ვსაქმიანობ, მანამდე "ქართულ ოცნებაში" უბნის უფროსი ვიყავი, - ამის შესახებ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნულით მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის.

რაფაელ მურსაკულოვს რამდენიმე წუთის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.

ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ დაკავებულის მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, რაფაელ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი იქნა ამოღებული.

ქობულაძის თქმითვე, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, რაც მას ახლა გაქარწყლებული აქვს. თუმცა, პროკურორის განმარტებით, წარსულში მის მიმართ სხვადასხვა შეღავათი იყო გამოყენებული, თუმცა, მან ახალი დანაშაული მაინც ჩაიდინა.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და მან დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არსად მიმალულა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი წარსულშიც ნასამართლევი იყო, მას ქურდობას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.