"რთული წარმოსადგენია, რა უნდა ქნას "საერთო სახალხო მოძრაობამ" - საზღვარი უნდა გაარღვიოს, მიხეილ სააკაშვილი ბომბდამშენით შემოაფრინოს და დასვას, თუ წყალქვეშა ნავით მტკვარში უნდა ამოვიდნენ? - ეს ყველაფერი ცოტა იუმორისტული ჟანრია", - ასე აფასებს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ინიციატივას მისი კოლეგა ალეკო ელისაშვილი.
ამასთან, ელისაშვილი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას გამორიცხავს.
"ამ ქვეყანაში ყველას, მათ შორის თაკო ჩარკვიანს აქვს უფლება, კანონის ფარგლებში, უნდა სახალხო მოძრაობა და თუ უნდა სახალხო ლაშქარი შექმნას, მაგრამ მეეჭვება, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გაბედოს, რადგან მას გარდაუვალი ციხე ელოდება. რამდენიმე მუხლია, რაზეც ღლიცინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით, სააკაშვილმა სპეცრაზმს აცემინა, ისევე როგორც გაატაცებინა კობა დავითაშვილი, რომელიც იმდენად სასტიკად აცემინა, რომ მთელი ცხოვრება დავითაშვილი ამით იტანჯებოდა.
სააკაშვილს ამ ბრალის გამო ციხეში დაჯდომა მოუწევს. პიჯაკების საქმე საღლიცინოა და კი ბატონო, მაგრამ კონკრეტული ფაქტებია, რაც ყველამ ვიცით და დადასტურებულია. სააკაშვილმა იცის, რომ მას აუცილებლად ელოდება ციხე. შესაბამისად, გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.