ავტორი:

"42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტადაც..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილთან ურთიერთობაზე?

"42 წლის ასაკში დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტადაც..." - რას ჰყვება თეა წულუკიანი 4 წლის ქალიშვილთან ურთიერთობაზე?

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია "იმედს“ სტუმრობდა, რომლის ეთერშიც 4 წლის ქალიშვილ მერიკო კაკულიაზე ისაუბრა.

"ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური", - განაცხადა მინისტრმა.

"42 წლის ასაკში, დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს უფრო ადრე ხდება. მერიკო 2 თვის იყო, როდესაც დეკრეტული შვებულება დავასრულე და სამსახურს დავუბრუნდი. რაც დამეხმარა, იყო ის, რომ ყოველთვის ვიზიარებდი ექიმების, პროფესიონალების, ფსიქოლოგების აზრს ან, მეტ-ნაკლებად, როგორც შემეძლო, სხვა დედების გამოცდილებას.

პირველ დღეებში, მუდმივად ვფიქრობდი, რომ დადგება დღე, როდესაც წავალ სამსახურში და როგორ უნდა მოვარიგო ერთი მეორესთან. არცერთი სამსახური არაა მარტივი, მაგრამ მინისტრად მუშაობა ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესსა და განრიგს გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, როდის წახვალ სამსახურში და როდის დაბრუნდები უკან. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის ბავშვმა სულ არ იცის, როდის რომელი საათია, გადავწყვიტე, რომ არ მეთქვა ტყუილი და საღამოს 8 საათზე ვყოფილიყავი სახლში და შაბათ-კვირა გამეტარებინა მასთან. ასე ვიცხოვრეთ პირველი 3 წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის მნიშვნელოვანი განცდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ. რაც არ უნდა ლამაზად ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არაა უპრობლემო და ლამაზი, არც იდეალური დედაშვილობა არსებობს და არც - იდეალური ოჯახები. ამიტომ, ვაღიარებ, რომ საღამოს, მე თამაში არ გამომდის, რადგან ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გააკეთა დღის განმავლობაში, რა მოეწონა, რამ გააღიზიანა და თუ რამე არ მოეწონა, მეკითხება ხოლმე. მაგალითად, ამასწინათ, რაგბის მოედანზე, კაცებთან ერთად ვიყავი. როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იყო, შენ იქ რას აკეთებდიო?..

მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა, მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ, რაღაცნაირად, "წითელი ხაზები“ დავადგინო", - განაცხადა წულუკიანმა.