ავტორი:

"ვახოს მამა ადვოკატია, მასაც იგივე გეგმები ჰქონდა, დადიოდა პროცესებზე... ეს პატარა ბიჭი "შაქარას" მეგობარია" - როგორ იხსენებენ ჟურნალისტები კოვიდით გარდაცვლილ ფეხბურთელს

"ვახოს მამა ადვოკატია, მასაც იგივე გეგმები ჰქონდა, დადიოდა პროცესებზე... ეს პატარა ბიჭი "შაქარას" მეგობარია" - როგორ იხსენებენ ჟურნალისტები კოვიდით გარდაცვლილ ფეხბურთელს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.

ის სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს გუნდი „ვიტ ჯორჯია 2“ - ში თამაშობდა. მომხდარი ტრაგედის შემდეგ მათ სამძიმრის განცხადებაც გაავრცელეს:

"დინამო თბილისი მწუხარებას გამოთქვამს 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ჩვენი კლუბი უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს" - წერია განცხადებაში.

ახალგაზრდა ფეხბურთელს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი იხსენებს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებმაც ის მოკლული გიორგი შაქარაშვილის პროცესზე გაიცნეს. ვახო და "შაქარა" მეგობრები იყვნენ. თუმცა როგორც ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა წერს, მას პროცესზე სასიარულოდ სხვა მიზეზიც ჰქონდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა გაიოზ ჩარკვიანი ადვოკატია და თავად ვახოსაც იგივე გეგმები ჰქონდა, ამიტომ ხშირად მამას პროცესებზე დაჰყვებოდა.

სალომე ბოკუჩავა, ჟურნალისტი: დილაობით ახალი სტატისტიკა ადამინებისთვის უბრალოდ ციფრებია, ვიღაცეებისთვის კი ტრაგედია, ტრაგია რომელიც ასრულებს არა მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს, არამედ მთელი ოჯახის ერთის გარდაცვალებით. ეს ვახოა, 20 წლის ფეხბურთელი რომელიც კოვიდით გარდაიცვალა. იცით რა ლამაზი იყო? დახატული, ულამაზესი, არ შეიძლებოდა არ შეგეხედა და არ გეფიქრა, რა ბავშვი არისო.

ვახოს მამა ადვოკატია, ვახოსაც იგივე გეგმები ქონდა. დადიოდა ხოლმე პროცესებზე, პრაქტიკას იქ გადიოდა. ისეთი მშვიდი და დინჯი იყო. ეს პატარა ბიჭი შაქარას მეგობარია, ერთადაც თამაშობნენ, ღმერთო რა პატარაა, ახლა ისე ვბრაზდები, ცხოვრებას ახლა რომ იწყებს რატომ მიგყავს? მართლა მძულს კოვიდი, ეს ეს სტატისტიკების უკან არსებული სუყველა ისტორია. ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გაუძლოს მისმა ოჯახმა ამას. ვიზიარებ ვახოს ოჯახის მწუხარებას, არ ვიცი სიტყვები, რომლითაც შეიძლება ახლა ანუგეშო ადამიანი. ნახვამდის ვახო, ძალიან ვწუხვარ

ეკუნა ლემონჯავა, ჟურნალისტი: ბევრჯერ დავწერე და წავშალე...სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. ვახო, მეგობრებო, ეს ძალიან, ძალიან სიმპათიური ბიჭი 20 წლის ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, კოვიდმა მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.ვახო ზუსტად ერთი წლის წინ, შაქარას პროცესზე გავიცანი, ერთ სკამზე ვისხედით, მეგობრების საგულშემატკივროდ იყო მოსული, თან მამამისი იყო ერთ-ერთი მეგობრის ადვოკატი...ვახო აღარ არის...ბატონო გაიოზ, ვიზიარებ ენით აღუწერელ ტრაგედიას