მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ დარეგისტრირდა, მას მერე ამ ადამიანის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ინტერესი გაჩნდა. ბატონი ოგბუნუჯუ საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარადგინა.
ნიგერიელ მერობის კანდიდატს, როგორც თავად ამბობს, სურვილი აქვს, იმუშაოს იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობას ქალაქში არსებული პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ამისთვის გუნდიც ჰყავს.
ბატონი ოგბუნუჯუ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე და ამის დამადასტურებელ მასალას AMBEBI.GE-ს არქივიც ინახავს, კერძოდ კი ფაქტს, როდესაც ახლანდელი მერობის კანდიდატი, წლების წინ, თავისი კუთხის წარმომადგენლებმა თბილისში იბოს მეფედ აკურთხეს.
AMBEBI.GE რიჩარდ ოგბუნუჯუს მეუღლეს ხათუნა ხონელიძე-ოგბუნუჯუს ესაუბრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
- როგორ გაგვაცნობთ საკუთარ თავს - მოგვიყევით თქვენზე...
- დავიბადე ერთ პატარა, ლამაზ თბილისურ ოჯახში, მამაჩემი პლეხანოველი იყო, დედა სოლოლაკელი, მთელი ბავშვობა ამ ორ უბანში გავატარე... პროფესიით ექიმი-ვეტერინარი ვარ და მთელი ცხოვრებაა, პროფესიით ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ამას ვერაფერი შეცვლის. ახლა უცხოეთში სადოქტოროს ვიცავ. 30 წელზე მეტია, ამ სფეროში ვარ.
- რიჩარდ ოგბუნუჯუს მეუღლე ხართ და თავს ორი გვარით ხონელიძე-ოგბუნუჯუდ წარადგენთ, ხომ?
- რაც მე და რიჩარდმა ოჯახი შევქმენით, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ჩემთვის საკუთარ გვართან ერთად, თავი ოგბუნუჯუდ წარვადგინო. რაღაცნაირად ჩვენი ერთობის ასე წარმოჩენა მსიამოვნებს. მეორე მხრივ, ეს ჩემთვის ამ ორი, ერთი შეხედვით, სრულიად შორეული კულტურის გაერთიანების სიმბოლოც არის.
- წლების წინ, ისე მოხდა, რომ ვესწრებოდი იმ ცერემონიას, როდესაც ბატონი რიჩარდი საქართველოში ნიგერიელებმა მათი კუთხის მეფედ აკურთხეს, თქვენ კი - დედოფლად. როგორია მეფე-დედოფლის ცხოვრება საქართველოში?
- ერთი შეხედვით, ეს ცერემონია ნამდვილად გავდა ზღაპარს, მე სრულიად სხვა, ძალიან საინტერესო კულტურის ნაწილი გავხდი, თანაც აქ, ჩემს ქალაქში. ბავშვობაში, როცა აფრიკულ ზღაპრებს მიკითხავდნენ, ვერ წარმოვიდგენდი,რომ ერთ დღესაც ამ ზღაპრის გმირად მაქცევდა ჩემი მეუღლე... რეალურად კი - ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ზრუნვას საქართველოში მცხოვრებ აფრიკელებზე, ხანდახან მათი ფიზიკური გადარჩენისთვის, ბრძოლას ჯანმრთელობისთვის.
აფრიკელი ხალხის უმრავლესობას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს, ისინი ჩამოსვლისთანავე ცდილობენ, ისწავლონ ენა, მოერგონ ამ ქვეყანას, მაგრამ გამოწვევებიც ბევრია, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მათ ამ დაბრკოლებების გადალახვაში დავეხმაროთ. ვცდილობთ, ავუხსნათ ერთი მთავარი წესი, რომ თუ ამ ქვეყანაში სწავლა, მუშაობა და ქართველ ხალხთან ინტეგრირება გვინდა, პატივი უნდა სცენ აქაურ კულტურას, ტრადიციებს და ხალხს.
- თქვენმა მეუღლემ გადაწყვიტა, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. როგორ შეხვდით ამ ამბავს?
- მე ვგულშემატკივრობ ამ ქალაქს, რადგანაც აქ დავიბადე და გავიზარდე, ასევე ვგულშემტკივრობ რიჩარდს და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ინტერესით ველოდები რა მოხდება.
- როგორ გგონიათ, გამარჯვების შემთხვევაში ის შეძლებს თბილისში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას?
- შესაძლოა, ბევრი ვერ ვთქვა მისი როგორც მერობის კანდიდატის გეგმებზე, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, რომ რიჩარდი ცხოვრების ყველა ახალ ეტაპს კომფორტის ზონიდან გამოსვლით იწყებს და მუშაობა არ ეზარება. ასე იყო წლების წინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა და უამრავი დაბრკოლების და თითით ჩვენების მიუხედავად, აქ დაფუძნდა და ინტეგრირება შეძლო. მე ჩემი საქმე მაქვს და ზოგადად მგონია, რომ საკუთარ ქალაქს და საკუთარ ქვეყანასაც რომ წაადგე, პირველ რიგში, შენი საქმე კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად უნდა აკეთო, მაგრამ ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გრძნობ ძალას, რომ მეტი პასუხისმგებლობა შეგიძლია აიღო, რიჩარდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე გადავწყვიტე, გვერდით დავუდგე.
- როგორია თქვენი თვალით დანახული რიჩარდ ოგბუნუჯუ? ანუ მისი სახასიათო შტრიხები და თვისება, რომელიც თქვენ მასში მეტად მოგწონთ?
- რიჩარდი მებრძოლია, მტკიცე ხასიათი აქვს და პრინციპული კაცია, ამავდროულად ძალიან ღია ადამიანია, სხვა შემთხვევაში, სრულიად უცხო გარემოში დამკვიდრებას ვერ მოახერხებდა, თქვენ წარმოგიდგენიათ, 90-იანების თბილისში ახლადჩამოსული რიჩარდი?! ერთი მხრივ, მისი ხასიათის სიმტკიცის დამსახურებაა, რომ აქ დარჩა და მეორე მხრივ - ამას ხომ ვერ შეძლებდა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა რომ არ შეეძლოს. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა შეუყვარდა. მისი საყვარელი გამოთქმაა, რომ „სადაც ადამიანი ცხოვრობს, იქაურობას იცავს“. რიჩარდისთვის ეს ქვეყანა მართლა იქცა სამშობლოდ. მადლიერია იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ქალაქისგან მიიღო და მჯერა, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია - ამ სიკეთეზე სიკეთითვე უპასუხოს.
- როგორც მეფე ავლენს თუ არა მეფურ თვისებებს?
- მეფურ თვისებებში თუ იმას ვგულისხმობთ, რას აკეთებს თავისი ხალხისთვის, შემიძლია, გითხრათ, რომ თავის მოვალეობებს პირნათლად ასრულებს. ეხმარება თავის ხალხს, ხელს უწყობს განათლებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქართულ ინსტიტუციებთან ურთიერთობაში.
- რამდენად კარგად იცნობს თბილისს?
- საკმაოდ კარგად, მისი სამეგობრო წრე მხოლოდ ქართველებით და აფრიკელებით არ შემოიფარგლება, რამდენიმე ენას ფლობს და ყველა უბანში მეგობრები ყავს, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, იეზიდები ... საუბრის მანერით შეუძლია ამოიცნოს, ადამიანი რომელი უბნიდან არის. იცის, რომელ უბანში რა უჭირთ, რა პრობლემებია. ამ ქალაქში მას შეიძლება აღიქვამდნენ უცხოდ სხვადასხვა დროს, მაგრამ ის თბილისში, როგორც უცხოელი არ ცხოვრობდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავოჯახდით.
- მოგვიყევით შვილებზე, როგორი მამაა ის?
- ჩვენს ოჯახში ერთმანეთზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ბავშვები ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან. ისინი ამ ქალაქში დაიბადნენ, აქ იზრდებიან და ამ ქალაქის მომავალი მათი მომავალიც არის. გოდვინის პოსტებით სოციალურ ქსელში დაახლოებითი წარმოდგენა უკვე შეგექმნებოდათ, რამდენად თავისუფლად და ჯანსაღად უყურებს მამის ამ გადაწყვეტილებას, ზოგჯერ კრიტიკულიც არის. რიჩარდისთვის შვილების აზრი მნიშვნელოვანია, უსმენს მათ, ზოგჯერ დავობენ, მსჯელობენ... ემანუელმა კი წელს გაგვახარა და სტუდენტი გახდა. მისი დიდი სურვილი იყო, საქართველოში ესწავლა... რიჩარდი ზოგადად, მოსიყვარულე მამა, მეუღლე, სიძე, კარგი მეზობელი და მეგობარია.
- რას უსურვებთ მეუღლეს ამ რთულ მარათონში?
- როგორც რიგითი მოქალაქე, რიჩარდისგან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისგან, ვითხოვ და მერე ვისურვებდი, რომ ეს ქალაქი სწორად ვითარდებოდეს, ამ ქალაქის ნებისმერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ჯანსაღ მწვანე სივრცეებზე, განათლებაზე, ტრანსპორტზე, სამსახურზე... ეს ქალაქი თანასწორობის შეგრძნებას უნდა აძლევდეს ყველა ადამიანს...
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაქვს კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც თითქოს ნაკლებ მნიშვნელოვანია და კანდიდატებისგან არ გვესმის, ეს არის მიუსაფარი ცხოველების ბედი ამ ქალაქში, მათი მოვლის და მართვის მუნიციპალური პროგრამები უნდა დაიხვეწოს და მეტი რესურსი უნდა გამოიყოს, რომ ეს საქმე მხოლოდ მოხალისეების საკეთებელი არ იყოს და ცხოველები ისევე როგორც ადამიანები, ამ ქალაქში დაცულები იყვნენ. რიჩარდს კი წარმატებას ვუსურვებ.