კორონავირუსის მეოთხე ტალღის დასრულების შემდეგ, ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღის დადგომას პროგნოზირებენ. სპეციალისტების შეფასებით, მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილ ახალ შტამებთან იქნება დაკავშირებული და სავარაუდოდ, გვიან შემდგომიდან დაიწყება.
მიმდინარე ტალღა, რომელშიც დელტა შტამი დომინირებს, საქართველოსთვის რთულად მიმდინარეობს. ყოველდღიურად ფიქსირდება გარდაცვლილთა ანტირეკორდული მაჩვენებელი. კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი განსაკუთრებით აგრესიული ორსულებისა და ბავშვების მიმართ არის.
ამ ფონზე, ეპიდემიოლოგებს მორიგი ტალღის მიმართ უფრო იმედისმომცემი მოლოდინები აქვთ. მათი ანალიზით, დამდეგი ტალღა გაცილებით მცირემასშტაბიანი იქნება და ბევრად ნაკლები დანაკარგებით ჩაივლის.
"მეხუთე ტალღა საქართველოში ალბათ იქნება, იმიტომ რომ იგი მთელ მსოფლიოში იქნება, თუმცა, არ მგონია იყოს მძიმე. მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები ჩვენ უკვე გადავიტანეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი. სანამ მეხუთე ტალღა დაიწყება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი და ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მეხუთე ტალღა შედარებით რბილი იყოს", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბარში.
ეპიდემიოლოგი როენა მანჯგალაძე AMBEBI.GE -ს იმ ფაქტორებს უსახელებს, რომელთა გამოც, მისი შეფასებით, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართება.
"გვაქვს მოლოდინი, რომ მეხუთე ტალღა გაცილებით მსუბუქი იქნება, ვიდრე მიმდინარე. ამას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აცრილია და სულ უფრო იზრდება ვაქცინაციის ტემპი, გარკვეულმა ნაწილმა უკვე გადაიტანა კოვიდი და შეიქმნა ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, ჩვენს ექიმებს დაუგროვდათ ვირუსთან ბრძოლის გამოცდილება, მსოფლიო მუშაობს კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე, რომელიც ალბათ ჩვენთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
ამიტომ, წესით, მომდევნო პიკმა, ნაკლები დანაკარგით უნდა ჩაიაროს. თუ მეოთხე, ანუ მიმდინარე ტალღა, ორსულებს და ბავშვებს ერჩოდა განსაკუთრებულად, შემდეგი აგრესიული იქნება 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთის. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ასაკის ადამიანებს გაცილებით დაბალი იმუნიტეტი აქვთ . გარდა ამისა, კვლევების მიხედვით, სწორედ ამ ასაკობრივ კონტინგენტში აღინიშნება ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება. ამიტომ, აუცილებელია გააქტიურდეს აცრის პროცესი, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყველა შემდეგი ტალღის განვითარების თავისებურებას. „ - ამბობს ეპიდემიოლოგი.
თუ მეოთხე ტალღაში ინფიცირების წილი ძირითადად დელტა შტამზე მოდიოდა, მომდევნო ტალღაში წარმმართველი, შესაძლოა, ვირუსის ახალი, "მიუ" ვარიანტი გახდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამს "საინტერესოს" კლასიფიკაცია მიანიჭა და აქტიური მეთვალყურეობა დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, "მიუ" ვარიანტს აქტიურად სწავლობენ საქართველოშიც.
"მიუ" იგივე B.1.621 შტამი პირველად 2021 წლის დასაწყისში, კოლუმბიაში დააფიქსირეს და ამ ეტაპზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოსთან ყველაზე ახლოს, ვირუსის რამდენიმე შემთხვევა თურქეთში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ის გლობალურ შემთხვევებში "მიუს" წილმა დაფიქსირებიდან დღემდე იკლო, მაგრამ გამუდმებით იზრდება მისი წილი კოლუმბიასა (39%) და ეკვადორში (13%).
ჯანმოს ეპიდემიოლოგიური ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ მიუ ვარიანტი ანტისხეულებისადმი უფრო რეზისტენტული ჩანს.
თუმცა, ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი კვლევის შედეგია და მასზე მტკიცებით ფორმაში საუბარი მართებული არ იქნება.
"ამ ეტაპზე გვიჭირს "მიუ" შტამის თავისებურებების შესახებ დაზუსტებით საუბარი. მიმდინარეობს სერიოზული კვლევები და მათი დასრულების შემდეგ ბევრი რამ გახდება ცნობილი.
უცნობია ასევე, შტამის კლინიკური მიმდინარეობაც, რამდენად გადამდებია, ან როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები - ჯერ ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. პირველად კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ "მიუ" ვაქცინების მიმართ უფრო მეტად რეზისტენტულია, მაგრამ ეს მაინც პირველადი კვლევის ინფორმაციაა და მასზე მტკიცებით ვერ ვისაუბრებთ" - ეუბენა Ambebi.ge -ს ინფექციონისტი.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მეხუთე ტალღას სისტემა ისევე მოუმზადებელი შეხვდება , როგორც ეს მეოთხე, მიმდინარე ტალღის შემთხვევაში მოხდა. ექსპერტი ამბობს, რომ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტების პირველადმა ცდებმა საუკეთესო შედეგები აჩვენა, რაც, მისი შესაფებით, ვირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ჩიხლაძის თქმით, ახლა მთავრობის უპირველესი ამოცანაა, თადარიგი დაიჭიროს და მთელი ძალისხმევა ახალი მედიკამენტების შემოტანაზე მიმართოს.
"ჩვენ მეოთხე ტალღაში დაგვემართა ის, რაც მსოფლიომ პირველი ტალღის დროს განიცადა. მაშინ როდესაც ვირუსი სრულიად უცნობი იყო და მასთან ბრძოლის არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ არსებობდა. მაგრამ ახლა მსოფლიოში არავინ საუბრობს მაღალ სიკვდილიანობაზე, ტრანსპორტის გაჩერებასა და სხვა მნიშვნელოვან შეზღუდვებზე. საუბარია იმაზე, რომ არაერთ ქვეყანაში ვირუსი უკან იხევს, ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, ჩნდება ეფექტური მედიკამენტები, აქტიურდება ვაქცინაციის პროცესი და დანაკარგი სულ უფრო მცირდება.
ჩვენთან კი პირიქით ხდება. რაც იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის სისტემა მეოთხე ტალღას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, ვაქცინაციის პროცესის გამართულობის, ტექნოლოგიების დახვეწის, ჰოსპიტალური სექტორის გამართულად მუშაობის თუ საინფორმაციო კამპანიის კუთხით, სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდით. სამწუხაროდ, არც მეხუთე ტალღის მიმართ მაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან ისევ ის მენეჯმენტი მართავს პანდემიას და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით წინსვლა არ შეინიშნება. ერთადერთი რაც იმედს მაძლევს, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა.
გარდა ამისა, იმუშავებს საზოგადოებრივი იმუნიტეტიც. სასიხარულოა ისიც, რომ ოთხი მედიკამენტის პირველი ეტაპის ცდებმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. თუმცა თუ დროულად არ დავიჭირეთ თადარიგი, ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. როდესაც ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება, დროულად უნდა იქნეს შემოტანილი და არა ისე, როგორც ვაქცინის შემთხვევაში მოხდა" - ამბობს სერგო ჩიხლაძე.