ავტორი:

"ამბობს, ნახევარი მილიონი ლარიც უნდა მომეთხოვა, რადგან ლარიც საჭიროაო... მოინანია დანაშაული" - "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი

"ამბობს, ნახევარი მილიონი ლარიც უნდა მომეთხოვა, რადგან ლარიც საჭიროაო... მოინანია დანაშაული" - "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული შალვა მელიქიშვილის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნობს დამნაშავედ, ინანიებს დანაშაულს და შეღავათის გაწევას ითხოვს. ამის შესახებ გარსევანიშვილმა ჟურნალისტებს შალვა მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო“, - განაცხადა გარსევანიშვილმა.

რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რომელიც მელიქიშვილს ბანკზე თავდასხმისას ჰქონდა, ადვოკატის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ხელყუმბარა ნამდვილია.

"ხელყუმბარა ნამდვილია. განმარტა, რომ 7 წლის წინ ალაზნის ჭალაში იპოვა ჩანთა, რომელშიც იდო ხელყუმბარა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. როგორც მე გამიგია ეს ასაფეთქებლები თევზჭერისთვის გამოიყენება. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერ გეტყვით, ეს სპეციალური კვლევის საგანია. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ის იმყოფებოდა თუ არა შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენის დროს. ამასთან, ვერაფერს გეტყვით ბრალის გადაკვალიფიცირებაზე. სამი მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი და როდესაც მტკიცებულებები სრულად შეიკრიბება, მერე შესაძლებელია მოხდეს გადაკვალიფიცირება ან სასამართლო განხილვის დროს. როგორც ბრალდებული ამბობს, თავიდან ნახევარი მილიონი დოლარი მოვითხოვეო და ჩავთვალე, რომ ნახევარი მილიონი ლარიც უნდა მომეთხოვაო, იმიტომ, რომ ლარიც საჭირაო“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.