ავტორი:

თბილისში გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს - ცნობილი სახეები პრეზენტაციიდან

თბილისში გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს - ცნობილი სახეები პრეზენტაციიდან

ისეთ სისტემაზე მივდივართ, შეიძლება, მთავრობა 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერების გუნდთან შეხვედრა გამართა და პოლიტიკურ მიზნებსა და სახელმწიფოებრივ გამოწვევებზე ესაუბრა.

ღონისძიებას გიორგი გახარიას მხარდამჭერები, მათ შორის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებზე წინ, ვიწროპარტიული და პირადი ინტერესების დაყენების ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციის გამო მიიღო, რაც ქვეყნისათვის სახიფათოა.

„ეს იყო პრინციპულად მიუღებელი, როგორც კი ვნახე, რომ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესი - სავარძელი, რაღაც აქეთ-იქით - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ვიდრე ქვეყნის ინტერესი და ბოლო პერიოდში ასეთი ბევრი იყო - ბევრ ვალდებულებებზე უარის თქმა, იქ მეზობლებთან რაღაც გარკვეულ დავებში შესვლა. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები და ხალხი დავიწყებული იყო. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უკვე სახიფათო ხდება, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ჩვენ 30 წელია ვცდილობთ, მაგრამ ნორმალური სახელმწიფო და ძლიერი სახელმწიფო ვერ შევქმენით. ეს ყველაფერი ხდება სახიფათო, იმიტომ რომ ადამიანებში არის უზარმაზარი იმედგაცრუება”, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა, რომ ნეპოტიზმი, კორუფცია და უსამართლობის განცდა ქვეყანას საუკეთესო ადამიანურ რესურსს აკარგვინებს და განვითარების პერსპექტივას უსპობს.

„სამართლიანობა იყო ძირითადი მონაპოვარი და როდესაც ადამიანები ხედავენ სამართლიანობის განცდა არ არის, დამთრგუნველია და ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უკარგავს. მართლა ვთვლი, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი რესურსი ადამიანია. ნავთობი ჩვენ არ გვაქვს, გაზი ჩვენ არ გვაქვს, ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ძირითადი რესურსი ადამიანია. აქ ნიჭიერი ახალგაზრდები იკარგებიან ამ გაუგებრობაში, მერე ეს ადამიანები ტოვებენ ქვეყანას, მიდიან და აშენებენ სხვა ქვეყნის სახელმწიფოებს. როდესაც ადამიანური რესურსი შენი ძირითადი რესურსია გამოდის, რომ შენს ძირითად რესურსს უბრალოდ ღვრი იმის გამო, რომ ვიღაცის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელ-საძმაკაცოს, რაღაც... ეს ფუნდამენტურად არასწორია და ვერ აშენდება სახელმწიფო საუკეთესო ადამიანების გარეშე. თუ ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციებზე საუკეთესო ადამიანები არ იქნებიან და თუ უსასტიკეს ბრძოლას არ გამოვუცხადებთ კორუფციას, არაფერი არ იქნება ჩვენნაირ ქვეყანაში! ჩვენ ახლა ერთიც რისკი გვაქვს და მეორეც. ჩვენ როგორც კი რაღაც გამოგვივა, მინდა იცოდეთ, რომ პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს იქნება ძლიერი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური და მეორე იქნება ძლიერი, დამოუკიდებელი საკადრო სამსახური”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში მთავრობები შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი ძლიერი და ურყევი და საუკეთესო პროფესიონალებზე დაფუძნებული უნდა იყოს და საჯარო სექტორის პოლიტიზება საპარლამენტო დემოკრატიაში მიუღებელია.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ამდენი წელია რაღაცას ვაკეთებთ, ვაკეთებთ და საბოლოოდ მივედით საპარლამენტო დემოკრატიამდე და პოლიტიზებული საჯარო სექტორიც როგორ წარმოგიდგენიათ... ჩვენ ახლა ისეთ სისტემაზე მივდივართ, რომ მთავრობა შეიძლება 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა გვყავდეს. 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა მთავრობა რომ იყოს, ჩვენი მენტალიტეტით და იმ წესებით, როგორც ახლა ვცხოვრობთ, გამოდის რომ ნებისმიერ სამინისტროში სამმართველოს უფროსიდან დაწყებული ზემოთ სულ ყველა უნდა გამოცვალონ. ეს წარმოუდგენელია საერთოდ . ამიტომ, თუ პრინციპების დონეზე საზოგადოება არ შეთანხმდა, რომ კორუფცია ფუნდამენტში ანგრევს ქვეყნის განვითარების ნებისმიერ პერსპექტივას და თუ ყველაზე საუკეთესო ხალხი საპასუხიმგებლო პოზიციებზე არ იქნება, არაფერი არ გამოვა. ყველგან, სეა სპორტშიც, ხელოვნებაშიც, ყველგან”, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილების მიღებისას გააზრებული ჰქონდა, რომ მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ დიდი ზეწოლა იქნებოდა.

თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები კიდევ უფრო მეტად არწმუნებს პოლიტიკაში დარჩენის და ახალი ბრძოლის წამოწყების სისწორეში.

„მე ძალიან კარგად, დეტალურად ვიაზრებდი, რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას. ძალიან კარგად მესმოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, გარკვეული დისკომფორტის და ზოგიერთები რისკის ქვეშ დადგებოდნენ, მაგრამ მართლა გეუბნებით, ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება. ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის მანძილზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობა იყო.

„დღეს, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მასწავლებელია, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ სკოლაში დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირის სახელით, აირჩიე აქ იქ უნდა იყო ან გაგიშვებთო. გუშინ მაგალითად, ვიყავით დევნილთა დასახლებაში, სადაც საკითხი ასე დგას, თუ მიხვალ გახარიასთან ღონისძიებაზე, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო, დევნილებს ეუბნებიან ამას. ჩვენს ფოთის მერობის კანდიდატთან მივიდნენ და ეუბნებიან, რომ 200 000 ლარს მოგცემთო, აი, ამ სიაში ნებისმიერ მიწას ხელი დაადე და 3000 ლარიც ყოველთვიურად გექნებაო. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცაა. მესმის აქ რაშია პოლიტიკური ლოგიკა - ჩვენ რაღაც საკითხებში მართლა ხელს ვუშლით“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან მხარდამჭერებთან საუბრისას აღნიშნა, არ მოელოდა თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფასეულობებზე უარს მხოლოდ იმიტომ იტყოდა, რომ ძალაუფლება არავისთვის გაენაწილებინა.

„რეალურად, მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, შეცდომებიც ბევრი იყო. მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდისაც. ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა. ვფიქრობდი, რომ ეს იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ არანაირი პრობლემა არაა, ახლა ქვეყანაში უკვე ისეთი გარემოა, რა მოხდა მერე, თუ ვიღაცასთან პასუხისმგებლობა გაიყავი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ხომ? მაგრამ არა“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ყველაზე მძიმე რაც ქვეყანაში ხდება, არის უსამართლობის შეგრძნება.

„პერსონალურად ჩვენ, გიორგი გახარია და ჩვენი კოლეგები კი არა - თვითონ ეს იდეა განწირულია წარმატებისთვის. ჩვენ არ ვიქნებით? - სხვები იქნებიან, იმიტომ რომ ყველზე მძიმე, რაც კი დღეს ამ ქვეყანაში ხდება, არის უსამართლობის შეგრძნება. მარტივი რამე მინდა გითხრათ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი - იმიტომ, რომ დაზუსტებით ვიცი, რომ სამწუხაროდ ოცნებას აღარა აქვს რესურსი, რომ რაღაც გამოასწოროს. მე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამომივლია და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფოს გადმოსახედიდან სიმკაცრის დოზა. ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სიმკაცრე არის აუცილებელი ინსტრუმენტი სახელმწიფოსათვის, შეუძლებელია სხვანაირად - ღარიბ ქვეყანაში, სადაც განათლების სისტემა დალაგებული არა გაქვს, მკაცრი სახელმწიფო აპარატის გარეშე ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ სიმკაცრეს თავისი რესურსი სჭირდება და ეს რესურსი სამართლიანობაა. შენ როგორც კი სამართლიანობასთან პრობლემა გაქვს, ეს საზოგადოება შენს სიმკაცრეს არ მიიღებს - შეუძლებელია. სახელმწიფო აპარატს დღეს არა აქვს იმ სიმკაცრის რესურსი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელ გამოწვევებს უპასუხოს. ეს დამთავრებულია", - მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ეს ვერ მუშაობს და შეუძლებელია დაშინებით და შანტაჟით არჩევნების და მოსახლეობის კონტროლი.

„ჩვენი გუნდის ძირითადი პრინციპი არის კეთილსინდისიერი მსახურება. თავის პროფესიაში შემდგარი ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ სურვილი იზრუნონ საზოგადოებაზე, სხვაზე და ქვეყანაზე - ეს არის ის ბალანსი, რაც ჩვენ უნდა ვიპოვოთ და ჯერჯერობით გამოგვდის. ეს არ არის არჩევნებისთვის შექმნილი პარტია - ეს არის გრძელვადიანი პარტია. ერთადერთი და პირველი პარტია იქნება, რომელიც შექმნილია ფასეულობებზე და სოციალურ ბაზაზე. ამ პარტიის სოციალური ბაზა იქნება საშუალო კლასი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა ჰყავს, მაგრამ რომლის შექმნაშიც ძალიან აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ. მართლა არავის არ ვებრძვით და ბრძოლა როგორც ასეთი ჩვენი თვითმიზანი არ არის. თვითმიზანი არის, რომ ეს ქვეყანა დღეს ცოტა უკეთესი იყოს, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ გავხადოთ კიდევ ცოტა უკეთესი, ვიდრე არის დღეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთმანეთზე ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ის მხარდამჭერებისგან ამას გრძნობს.

"მადლობა თითოეულ თქვენგანს. დავალებულად ვთვლი თავს - ესე რომ ვუფრთხილდებით ერთმანეთს - ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გაფრთხილებაზე და ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და მე ამას ხშირად ვგრძნობ ბევრი თქვენგანისგან", - მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. პარტიის ცნობით, მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო და მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ და ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია.