ავტორი:

"მიხედე შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია" - რას პასუხობს შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს

"მიხედე შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია" - რას პასუხობს შოთა არველაძე ლევან კობიაშვილს

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებას პასუხობს. "მიხედე რა შენს საქმეს - რას პროფესორობ", - ასე უპასუხა "იმედის" ეთერში კობიაშვილმა ძმები არველაძეების მიერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

  • შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ნაკრებში არსებულ პრობლემებსა და აღნიშნულ თემაზე თავისი დამოკიდებულების შესახებაც წერს.

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე. ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება.

თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი.

დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს, რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია.

ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა", - წერს შოთა არველაძე.

ცნობისთვის, ლევან კობიაშვილმა ძმები არველაძეების შეფასებებზე კომენტარი გადაცემაში "სპორტი იმედზე" - "წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან და კომენტარებს აკეთებენ. აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რამე შეგეძლო?! ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს", - აღნიშნა კობიაშვილმა.

თავის მხრივ კობიაშვილის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა აჩი არველაძის კრიტიკა - "მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება, ამდენი ფეხბურთელის თამაში და დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში?!" - აღნიშნა აჩი არველაძემ "აჭარასპორტთან" საუბრისას.