ავტორი:

ვინ რას ამბობს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თითქოს და, სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებზე?

ვინ რას ამბობს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თითქოს და, სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებზე?

12 სექტემებრს, გვიან ღამით, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომელიც მათი მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

მედიაში გამოითქმის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული ტელევიზიების მხრიდან.

"მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაცა გადაცემა. ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას. თუმცა, ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიიღებენ სათანადო პასუხს საზოგადოებისგან, პირველ რიგში, ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები", - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და ამ საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.

მისივე თქმით, უკანონო მოსმენების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ამ თემაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. მისი თქმით, ის პირადად არ გასცნობია გავრცელებულ მასალებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ჩანაწერები მართლაც გავრცელდა, ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა.

"ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება - ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის", - ასე უპასუხა ნინო ლომჯარიამ კითხვას იმის შესახებ, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ მასალებმა გაჟონა”.

ლომჯარიას თქმითვე, მოსმენები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადად, სახიფათო პრაქტიკაა და უნდა შეწყდეს!