საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვინ იცის, მერამდენედ, კიევიდან გაავრცელა განცხადება, რომ ის ამჯერად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნებას ნამდვილად აპირებს. რას იზამს სააკაშვილი, მალე გამოჩნდება, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ისიც აქვს ნათქვამი, რომ მას ძალაუფლება არ აინტერესებს, რომ ციხეშიც ჩამჯდომია, რის შემდეგაც ქართველი ხალხი თავსაც გაითავისუფლებს და მასაც გაათავისუფლებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სააკაშვილის განცხადების პასუხად ამბობს, რომ მის ადგილზე, ის უკვე საქართველოში იქნებოდა.
"იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ევროპისა და პუტინის რუსეთის გზაგასაყარზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, აქვს ბუნებრივია სურვილი და უფლება, იყოს ამ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად. რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლა. მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი, არ დაგიმალავთ, ბევრჯერ მითქვამს. იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოწვევა. ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჭკუით უნდა ვაჯობოთ "ქართულ ოცნებას". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რომელსაც მერე საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება, ანუ, ჭკუით უნდა ვაჯობოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
"მელიას განცხადება საკმაოდ თამამია, მაგრამ, როგორც ჩანს, მასაც ამოუვიდა ყელში მისი საქციელი, რადგან სააკაშვილი მუდმივად ცდილობს სხვისი ხელით ნარი გლიჯოს“, - გვეუბნება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
როგორც ის ამბობს, სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის და საამისოდ მიზეზის მოგონებაც არ გაუჭირდება. და თუ მაინც ჩამოვიდა და ის "ქართულმა ოცნებამ“ არ დააკავა, გამოდის, ის ძალაუფლების დაკარგვაზე მიდის და ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება ყოფილა“.
"იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც სააკაშვილი აქამდე ამბობდა და მერე რასაც აკეთებდა, ლოგიკური თვალსაზრისით, ის არ არის ჩამომსვლელი და საამისოდ რაღაც მიზეზს მოიგონებს. მიზეზის მოგონება მისთვის დიდი პრობლემა არ არის. დიდი ალბათობით, მგონია, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა. შესაძლოა, მას ჰგონია, რომ აქ ვითარება და განწყობა შეიცვალა. გახსოვთ, რომ თქვა, ჩამოვალ, ციხეში ჩავჯდები, ქართველი ხალხი თავსაც გაითავისუფლებს და მეც გამათავისუფლებსო? ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: ან მას მისი გარემოცვა სხვაგვარ სურათს უხატავს (ასეთი რამ საქართველოში მომხდარა, როცა გარემოცვამ შეცდომაში შეიყვანა ზვიად გამსახურდია და ამას რაც მოჰყვა, ვნახეთ), ან უბრალოდ, მას ჰგონია, რომ მართლა ექნება დასავლეთის მხარდაჭერა და რაღაცნაირად გახდება გმირი. მას ყველა ვარიანტში მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. "ქართულმა ოცნებამ“ ის თუ ციხეში არ გაუშვა, ჩათვალეთ, რომ თუ არჩევნებამდე ჩამოვიდა, "ოცნებას“ არჩევნები აქვს წაგებული, თუ არჩევნების შემდეგ - ხელისუფლება ძალაუფლებას დაკარგავს. ამიტომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არჩევანი არ აქვს - თუ ის მიდის ძალაუფლების დაკარგვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება ყოფილა, სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა წავიდეს ექსპრეზიდენტი ამ რისკზე, გაუგებარია.
გარანტიები თუ არსებობს დასავლეთიდან, ეს გაფორმდება დაახლოებით ისე, როგორც გაფორმდა 2003 ან 2012-ში, ანუ ცვლილება ქუჩიდან კი არა, ეს უნდა შეიფუთოს როგორც არჩევნებიდან გამომდინარე ცვლილება. დასავლეთი ამ შემთხვევაში წავა ამ დათმობაზე, სხვა, ქუჩიდან მოსული ხელისუფლების აღიარება მას გაუჭირდება და არც სჭირდება. ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დასავლეთისთვის არც მოგებიანია და არც - მისაღები.
2. სააკაშვილის ფიგურა დასავლეთისთვის, მგონია, უკვე ყავლგასულია. მან რაც უნდა ილაპარაკოს, რომ ძალაუფლებისთვის არ იბრძვის, მისი დაბრუნება ხელისუფლებაში იმას ნიშნავს, რომ 2003 და 2012 წლები განმეორდება, რასაც უპროგნოზო შედეგი მოჰყვება. საზოგადოება ახლა მეტად დიფერენცირებულია, ვიდრე მაშინ იყო. დღეს "ქართული ოცნების“ მომხრეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენ. ამიტომ, სააკაშვილს თუ იმის იმედი აქვს, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერს, ესეც არარეალურია, არსებული ვითარება ამგვარი განცხადების საშუალებას არ იძლევა. მას თუ ის გათვლა აქვს, რომ რამდენიმე თვით ჩაჯდება და შემდეგ გამოვა პატიმრობიდან, მგონია, ეს არასწორი ანალიზის შედეგია“.
პოლიტოლოგის აზრით, სააკაშვილის განცხადებები მაინც და მაინც ორპოლუსიანობის შენარჩუნებას არ უნდა ემსახურებოდეს. რაც შეეხება ნიკა მელიას, ძაბირაძის თქმით, ის საკმაოდ რთულ ვითარებაშია და მისი მეორე ტურში ვერგასვლა იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პოლიტიკური ჯგუფით ჩანაცვლება იწყება.
სააკაშვილის ჩამოსვლის შანსებზე და ჩამოსვლის შემთხვევაში სავარაუდო სცენარების განვითარებაზე ambebi.ge-ს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრება:
"ობიექტურად თუ შევაფასებთ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შანსი არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, კვლავ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. როდესაც აქამდე 16-ჯერ თქვა და არ ჩამოვიდა, რატომ უნდა ჩამოვიდეს მე-17-ე ნათქვამზე? ზოგადად, სააკაშვილი ნაკლებად დარდობს თავის გამონათქვამებზე, რადგან იცის, რომ მისი პირადი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მას ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებებზეც კი პასუხს არ მოსთხოვს. რადგან საზოგადოებაში გარკვეული ინტერესი მაინც არსებობს მის ჩამოსვლასთან დაგავშირებით, შეგვიძლია დარწმუნებით განვიხილოთ რამდენიმე სცენარი, რომლითაც მოვლენები განვითარდება. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დღეს 2021 წელია და არა 2003, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს და არც არავითარი რევოლუციური განწყობები არ არსებობს საზოგადოებაში. ასევე, სააკაშვილი სრულიად გაკოტრებულია ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალშიც.
ასეთ რეალობაში კი მისი ჩამოსვლა ვერავითარ მუხტს ვერ შემოიტანს. ლეგალური გზებით თუ ეცდება შემოსვლას, მას საზღვარზევე ყოვლად უმტკივნეულოდ დააკავებენ. ჰიპოთეტურად არსებობს სხვა ვარიანტიც, მაგალითად, ეცადოს საქართველოში შემოპარვას, რაც დამერწმუნებით, ძალიან რთულია და შესაძლოა სააკაშვილისთვის ბევრად ცუდადაც დასრულდეს. მაინც განვიხილოთ პირველი ვარიანტი და ვთქვათ, შემდეგ რა მოხდება. ცოტა ხნის წინ მელიას დაკავებისას ვნახეთ, რომ მიუხედავად სრული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერისა, ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. სააკაშვილის შემთვევაშიც, რომელსაც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე ცალკეული ე.წ პოლიტიკოსი უჭერს მხარს, მოსახლეობის ზუსტად იგივე რაოდენობა შეიკრიბება, რომელიც ძალიან მალე დაიშლება. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, მას ციხეში ძალიან დიდი ხნის გატარება მოუწეევს და არც არავინ იქნება დიდად მომკითხავი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ადამიანმა, რომელმაც 2008 წლის ომში სიმხდალის ენით აუწერელი მაგალითი აჩვენა, ასეთ რეალობაში საქართველოში ჩამომსვლელი და წლობით ციხეში ჩამჯდომი ცხადია არ არის“, - მიაჩნია ნიკოლოზ მეტრეველს.