Met Gala მოდის ინდუსტრიაში წლის მთავარი მოვლენაა, სადაც პლანეტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყრიან თავს. ნიუ იორკის Metropolitan Museum-ი ღონისძიებას ყოველწლიურად მასპინძლობს, თუმცა გასულ წელს, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ვერ მოხერხდა.
ახლა კი პოპულარული ადამიანები წითელ ხალიჩას ყველაზე უჩვეულო სამოსით შემოსილნი დაუბრუნდნენ. "მეთ გალასთვის“ ყოველ ჯერზე ირჩევენ ერთ კონკრეტულ თემას და სწორედ ამ თემატიკის მიხედვით იმოსებიან ვარსკვლავები პომპეზური ღონისძიებისთვის.
წლევანდელი "მეთ გალას“ თემა ასეთია - "ამერიკაში: მოდის ლექსიკონი.“ უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, სამოსისთვის დიზაინერებს ამერიკულ მოდაზე უნდა გაეკეთებინათ აქცენტი. კოსტიუმების შექმნისთვის შთაგონებად გამოიყენეს ყველაფერი - "მატრიცას“ კოსტიუმებიდან დაწყებული თავისუფლების ქანდაკებით დამთავრებული.
ღონისძიების წამყვანები იყვნენ პოპვარსკვლავი ბილი აილიში, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, მსახიობი ტიმოთე შალამე და პოეტი ამანდა გორმანი.
"მეთ გალას" ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, რეალითი შოუების ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი იყო და მისი ჩაცმის სტილი სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარ თემად იქცა. კიმს შავი სამოსი ეცვა და სახეც სრულად ჰქონდა დაფარული.
მისი დანახვისას ბევრს ღამურები გაახსენდა. კარდაშიანის სტილზე დემნა გვასალიამ იზრუნა.
თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე უცნაურ ფორმაში?