ავტორი:

უფალს ვუხმოთ ყველამ ერთად - სხვა გზა არ არსებობს!

უფალს ვუხმოთ ყველამ ერთად - სხვა გზა არ არსებობს!

13 სექტემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრის“ მკითხველი პროექტის - „ბიბლია განმარტებებით“ - ბოლო წიგნს: „აპოკალიპსისის“ განმარტებათა მეორე ნაწილს შეიძენს გაზეთთან ერთად და ამით სრულდება ეს ეპოქალური პროექტი.

ჩვენი საიტის მკითხველს კი, ტრადიციულად, პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი უამბობს:

დასრულდა... უფრო სწორად, აღსრულდა... დიახ, აღსრულდა უფლის ნება და დასრულდა ეს საოცარი პროექტი, რომლის განხორციელებაში ჩვენი მონაწილეობაც ღვთის დიდი წყალობა გახლდათ.

2 წელიწადზე მეტია, ყოველთვიურად ვცდილობდით, თქვენამდე მოგვეტანა „ბიბლიის განმარტებათა“ არსი, მნიშვნელობა, მაგრამ ყოველთვიურადვე ვხვდებოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან იმდენად მასშტაბური და გრანდიოზულია ეს მოვლენა, რომ მისი გაგება და შეფასება მხოლოდ წლების, ან იქნებ ათწლეულების, შემდეგ იქნება შესაძლებელი.

***

ყველა უბედურება, რაც კი გვჭირს - ამდენი სიძულვილი, ერთმანეთის განკითხვა, ბოღმა - ჩვენი არასწორი ცოდნის ბრალია...

განსაკუთრებით სავალალოა, როცა ამ ყველაფერს უფლის ერთგულების და სარწმუნოების სახელით ვაკეთებთ...

სად გვეშლება? როგორ მივხვდეთ?

თუკი, რწმენის გამო, თუნდაც ერთი ადამიანი გვძულს, მას შეურაცხვყოფთ, თავადაც გული ბოღმით და ბრაზით გვაქვს სავსე, მოსვენება დაგვიკარგავს - სად არის აქ ღმერთი?

ღმერთი ხომ სიმშვიდე, სიყვარული, სიკეთეა... და თუ ეს ყველაფერი დავკარგეთ, ღმერთიც დაგვიკარგავს... უღმერთოდ დავრჩენილვართ... კი გვგონია, რომ რწმენის ერთგულების გამო ვიქცევით ასე, მაგრამ არასწორად გვცოდნია, არასწორად გაგვიგია ეს ერთგულება...

ამასწინათ მითხრეს, უმოქმედობაც არ ივარგებსო... განა უმოქმედობას ვგულისხმობ - კიდეც ვთქვათ სათქმელი, კიდეც ვაკეთოთ საკეთებელი, მაგრამ სულში - სიმშვიდე, გულში, ფიქრში, აზრში - ადამიანისა და უფლის სიყვარული არ გაგვიქრეს, არ დაგველიოს! და მაშინ ალბათ ჩვენი სათქმელიც და საქმეც იქნება სათნო ღვთისთვისაც და შედეგიანი კაცისთვისაც...

უღმერთობაა ჩვენი მთვარი პრობლემა... ღმერთზე არასწორი ცოდნა ან უცოდინრობა...

მოგვმადლოს უფალმა, აგვხელოდეს სულიერი თვალი და საკუთარი დაცემულობა დაგვენახოს! გარედან დაგვენახოს ჩვენი უსუსურობა...

როგორ შეიცვლებოდა მაშინ სამყარო... როგორ გვეყვარებოდა ერთმანეთი...

***

ამქვეყნიურზე ფიქრს ერთი მახასიათებელი თვისება აქვს - სათავისოდ ფიქრობს ადამიანი: მე რა მჭირდება, მე რა მინდაო - თავისთვის იხვეჭს და მალავს მოხვეჭილსაც. სულიწმინდით აღვსებული გული კი ვერ იტევს ბედნიერებას და ერთი სული აქვს, ეს სიხარული სხვას გაუზიაროს, სხვაც გააბედნიეროს, სხვასაც უწილადოს...

როგორც უფალია დაუსაბამო, უსასრულო, უსაზღვრებო, გარეშემოუწერელი, ასეთი უსაზღვრო და დაუტევნელია სულიწმინდის მადლით გაბრწყინებულ კაცთა საქმეებიც... და იღვრება მათგან უსასრულო სიკეთე და სიყვარული ყველასათვის უშურველად - გვავსებს ჩვენც ბედნიერებით...

მაგრამ ეს სიხარული რომ შევიგრძნოთ და დავიტიოთ, ჯერ ამქვეყნიურზე ფიქრი უნდა გავხადოთ მეორეხარისხოვანი და გული მთლიანად მივუძღვნათ უფალს...

ჩვენ კი ისევ და ისევ მიჯაჭვულები ვართ წარმავალზე და მარადიული დაგვვიწყებია...

***

ამასწინათ ერთი სასოწარკვეთილი ადამიანი წერდა, თუ ჩემს დახმარებას ვერ შეძლებთ, გთხოვთ, გამიგეთ მაინცო... როგორ დაცემულსაც არ უნდა ვხედავდეთ კაცს, მას აუცილებლად აქვს მიზეზი ამ მდგომარეობაში ყოფნისა... თუ შევძელით და სიყვარულის თვალით დავინახეთ სხვისი ცხოვრება, საკუთარ თავში აუცილებლად აღმოვაჩენთ მიზეზს თანაგრძნობისა, გაგებისა... მაინც მგონია, რომ ფიზიკურ დახმარებაზე უპირატესი სწორედ გაგებაა სხვისი ტკივილისა... გულსა და გონებაში გატარება, გათავისება სხვისი განსაცდელისა...

როგორ გვაკლია დღეს ეს სიყვარული ერთმანეთის ლანძღვით, განკითხვით გართულებს... რამხელა ბედნიერებას ვაკლებთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც...

მოდი, შევეცადოთ... შევეცადოთ რა... უფლის შეწევნით

***

ვერც ის გადარჩება, ვინც აიცრება და ვერც ის - ვინც არ აიცრება... მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვისაც ამ ყველაფრის მერე სიყვარულის უნარი შერჩება, ვისაც შიში ვერ გაანადგურებს და ვინც ღვთის ერთგული დარჩება...

ნუ გეშინიათ! ღმერთს იმაზე მეტად ვუყვარვართ, ვიდრე გვგონია... ნუ გეშინიათ - ყველაფრის და ყველასი ნუ გეშინიათ

***

ვიღაც პოსტავდა იმ დღეს: ხალხო, როგორ უძლებთო ამ ყველაფერს?

ყოფილა ომები, ყოფილა სახლმწიფოთა ფიზიკური განადგურება, პანდემიებიც ყოფილა - ხშირად ამაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებლითაც, მაგრამ ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, უპრეცედენტო პროცესია მსოფლიოს ისტორიაში - ასე ადვილი არასოდეს ყოფილა ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება, შეშინება, გაგიჟება, ჭკუიდან გადაყვანა!

თითქმის შეუძლებელი გახდა ტყუილ-მართლის გარჩევა! სიცრუე და ბოროტება მსოფლიოზე გამარჯვებას ზეიმობს!

უკვე გაგიჟების ზღვარზე მყოფი ადამიანები ერთმანეთის დასაგლეჯად ვართ მზად!

აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წერს და ვინ რა მოსაზრებას ავრცელებს, მაინც ვერ გაარკვევ, სად არის სიმართლე!

ჰოდა პოსტავდა ადამიანი - როგორ უძლებთო, ხალხო?!!!

არანაირი შანსი არ არსებობს ამ ყველაფრის გაძლებისა ერთის გარდა: მთელი ძალით, მთელი არსებით, მთელი გონებით და მთელი გულით უნდა ჩავებღაუჭოთ ღმერთს!

ისე ძლიერად, როგორც არასდროს!

ჩვენი თავდაჯერებული ფანატიზმი გვერდზე გადავდოთ!

წამი აღარ გვაქვს დასაკარგი, ახლავე უნდა აღმოხდეს ჩვენს გულებს მთელი გულწრფელობით - ღმერთო, მოგვეშველე! მოგვიტევე, უფალო, ჩვენი უგუნურება! უშენოდ დავიღუპებით! მოგვეშველე, ღმერთო!!!

როგორ მინდა, ყველას ბედნიერსა და გალაღებულს გხედავდეთ, ჩემო გულდამძიმებულო მეგობრებო!

უფალს ვუხმოთ ყველამ ერთად - სხვა გზა არ არსებობს!

***

არ გამოგრჩეთ! 13 სექტემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“ - ბოლო წიგნი: აპოკალიპსისი წმინდა მამათა კომენტარებით.