"საშინელებაა, როდესაც გაყინულ სხეულს უყურებ... ეს იყო მისი მესამედ დაბადება“ - კოვიდ 19–სგან განკურნებული ჩვილის ამაღელვებელი ისტორია

"საშინელებაა, როდესაც გაყინულ სხეულს უყურებ... ეს იყო მისი მესამედ დაბადება“ - კოვიდ 19–სგან განკურნებული ჩვილის ამაღელვებელი ისტორია

"კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა...“ - რამდენიმე თვის წინ ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში დიდი მღელვარება და სტრესი გამოიწვია. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა პატარას, რომლის ბედიც დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი ჩანდა, თუმცა მისი უმთავრესი გულშემატკივარი იყო ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო პერსონალი, რომელიც, დიდ მღელვარებასთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა.

ნიკოლოზი პირველი კოვიდინფიცირებული ჩვილი იყო, რომელსაც მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა. ურთულესი 2 თვე გაატარა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში და დღეს ის სრულიად გამოჯანმრთელებული უკვე საკუთარ სახლშია. ისტორია ბედნიერად დასრულდა, თუმცა ეს იყო უმძიმესი პერიოდი, როდესაც ნიკოლოზის დედას ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებოდნენ და არავინ იცოდა, როგორ გაგრძელდებოდა ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისთვის. საბოლოოდ, ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ჩვილის დედას წარსულის ცრემლების გარეშე გახსენება უჭირს.

  • "ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო, რეანიმაციაში. ექიმებმა საშუალება მომცეს, რომ ყოველდღიურად ნახევარი საათით შევსულიყავი მასთან. საშინელებაა, როდესაც უყურებ გაყინულ სხეულს, რომელსაც სიცოცხლის არანაირი ნიშან–წყალი არ ეტყობა,“ - იხსენებს ნიკოლოზის დედა.

"შემოსვლისას მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. მეორე დღესვე მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა. ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ზოგადად, მართვით სუნთქვას თავისი გართულებებიც ახლავს და პატარას ეს გართულებებიც განუვითარდა. ყველანაირი რესურსი, ენერგია, შრომა და ემოცია ჩავდეთ და, საბედნიეროდ, პატარა ორგანიზმმა ეს ყველაფერი მიიღო და დადებითად გვიპასუხა. დღეს ის სრულიად გამოჯანმრთელებული საკუთარ სახლშია და ზრდა–განვითარებას ასაკის შესაბამისად განაგრძობს,“ - განმარტავს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

ამ რთული კლინიკური შემთხვევის მართვაში აქტიურად იყო ჩართული ევექსი ჰოსპიტლების ექსპერტთა პედიატრიული საბჭო. სამედიცინო ექსპერტები საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე მძიმე, თუმცა მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდნენ.

„ერთი ფილტვი საერთოდ გაეთიშა, მეორე კი 70%–ით ფუნქციონირებდა. არსებობდა ფილტვის გასკდომის საშიშროებაც. ექიმებს დამაიმედებელი პასუხის გაცემა უჭირდათ, თუმცა მე მათ ვენდობოდი. ეს იყო სიცოცხლის მესამე შანსი ნიკოლოზისთვის, რადგან მას პრობლემები დაბადებიდან აღენიშნებოდა და გარკვეული პერიოდი ახალშობილმა რეანიმაციაში გაატარა,“– აღნიშნავს ნიკოლოზის დედა.

„მშობელი მუდამ ჩვენგან, ექიმებისგან ელოდება იმედს. დედისთვის თუნდაც ერთი დამამშვიდებელი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ სიტყვით გამოწვეული პოზიტიური განწყობა კი მთელი დღე მიჰყვება. იმედი არასდროს დაგვიკარგავს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ფატალურ შედეგსაც არ გამოვრიცხავდით,“ – იხსენებს ი. ციციშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, მეგი გეორბელიძე.

თავდაუზოგავი ბრძოლა პატარა პაციენტების გადარჩენისთვის საკმაოდ მძიმე და ემოციური პროცესია, თუმცა ექიმები კრიტიკულ მომენტში ემოციების გადადებას და მაქსიმალურ მობილიზებას მაინც წარმატებით ახერხებენ. ნიკოლიზის მსგავსად დღეს სიცოცხლისთვის ციციშვილის კლინიკაში 100–მდე პაციენტი იბრძვის, მათი ნაწილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე და ექიმების მუდმივი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.