ავტორი:

"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - რა გავლენას მოახდენს გავრცელებული ჩანაწერები პოლიტიკურ პროცესზე და დგას თუ არა ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური?

"ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე..." - რა გავლენას მოახდენს გავრცელებული ჩანაწერები პოლიტიკურ პროცესზე და დგას თუ არა ამის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური?

როგორც ცნობილია, 12 სექტემბრის ღამით, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სამი ათასამდე დოკუმენტი, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიის წარმომადგენლებს გაეგზავნა, სათაურით: “სუს - ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.

სუს-ის სავარაუდო ჩანაწერების შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა პარტია "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც ეს ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მორიგ თავდასხმად შერაცხა. "ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა", - თქვა დეპუტატმა და ე.წ. სუს-ის ჩანაწერები ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელებად შეაფასა.

ჰპოვებს თუ არა ასახვას აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკურ პროცესებზე და ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, რა მიზანს ემსახურება და ვის ინტერესებში შედის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელება, ან ვინ შეიძლება იყვნენ დაკვეთის შემსრულებლები, ამაზე ambebi.ge - სთან ექსპერტები საუბრობენ.

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, ფარული ჩანაწერების სამზეოზე გამოტანა უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნების შედეგებზეც, ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ“ იმედი გაუცრუა როგორც ეკლესიას, ისე მის მრევლს.

"ნორმალურ საზოგადოებაში, სადაც გონებით კეთდება არჩევანი, აშკარაა, რომ "ქართული ოცნება“ სრულიად გაკოტრებულია. ადგილობრივ არჩევნებზე "ოცნების“ მთავარი გზავნილი გახლდათ რელიგიურ მოტივებზე აწყობილი ტრადიციების დაცვა და ა.შ. ხელისუფლება პოზიციონირებდა ეკლესიისა და ქართული ისტორიული ტრადიციების დამცველად და ოპოზიციას უყენებდა პრეტენზიას, რომ ისინი არიან ურწმუნოები, აქვთ გაურკვეველი ფასეულობები და, ასე რომ ვთქვათ, მათ გადაჯიშებისკენ უნდათ ერის წაყვანა. ეს იყო მათი მთავარი გზავნილი და ამაზე ააგეს საარჩევნო კამპანია. ახლა გაირკვა, რომ მათი გზავნილი ფარისევლობა იყო, აღმოჩნდა, რომ, მაღალი ალბათობით, ხელისუფლება აკონტროლებს და უსმენს სასულიერო პირებს, ქართულ ეკლესიას, ამასთან, მერობის კანდიდატებად წარმოგვიდგენს სპეცსამსახურების აგენტურას.

ფაქტობრივად, ეს მათი მთავარი საარჩევნო გზავნილი დაიმსხვრა, ხუხულასავით ჩამოინგრა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რანაირად, რის გამო და რის საფუძველზე შეიძლება ნატურალური არჩევანი გაკეთდეს "ქართულ ოცნებაზე“?

ერთადერთი, ადმინისტრაციული რესურსი და მედროვეები გავიგეთ, მაგრამ ნატურალური არჩევანი, ის რომ "ოცნება“ რაც ჩემთვის ძვირფასია იმას იცავს, ასეთი პასუხები ამ ძალას არ აქვს. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, რადიკალურად უნდა ისახებოდეს ნორმალურ, ჯანსაღ საზოგადოებაში, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ჩვენთან ასე მოხდება იმიტომ, რომ ოპოზიციაც მთლად წელში გამოყვანილად არ გამოიყურება.

ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე უარყოფით გავლენას იქონიებს, მაგრამ რამდენად კრიტიკული იქნება ეს უარყოფითი გავლენა, რა ხარისხით და რა პროცენტით აისახება, მიჭირს ამაზე პასუხი, მით უმეტეს, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, არის მოლოდინი, რომ კიდევ ბევრ რამეს ვიხილავთ.

ეკლესია, ბუნებრივია, ძალიან გაბრაზებული უნდა იყოს ხელისუფლებაზე და არა იმიტომ, რომ მას უსმენდნენ, არ მგონია, ეს მათთვის მოულოდნელი ყოფილიყო, უფრო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ისინი ამ ჩანაწერების გამოქვეყნებისგან. ერთია, რომ მისმენ და მეორეა, როცა ამ მოსმენების შედეგების გამომზეურება ხდება, ეს ბევრად უფრო სერიოზული დარტყმაა ამ ადამიანებისთვის. ბუნებრივია, რომ ეკლესია გაბრაზებულია და გაბრაზებული უნდა იყოს მრევლიც, ვინაიდან მისთვის აღმოჩნდა, რომ ფარსი იყო ის ყველაფერი, რასაც ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თითქოს ძალიან უყვარს ეკლესია და მოწიწებით არის მისადმი განწყობილი. აღმოჩნდა, რომ მათ მოძღვრებს უსმენენ, მათ შორის უსმენენ მაშინაც, როდესაც სინი აღსარებას იბარებენ, ანუ მრევლსაც გაუჩნდა განცდა ხელისუფლების მხრიდან აღსარების საიდუმლოს დარღვევის, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლებისთვის მძიმე რაღაც ხდება. სამღვდელოება ჯერ დუმს და მას ღია რეაქცია არც ექნება იმიტომ, რომ მათთვის ასევე არანაკლებ მიუღებელია ოპოზიციაც, რადგან გააჩნია განცდა, რომ ის მათ მართლა ებრძვის. ეკლესიის რეაქცია ღია არ იქნება, მაგრამ ხელისუფლების მიმართ მათი განწყობა სერიოზულად დაზიანდა.

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ამ ინსტიტუციიდან - სუს-იდან ჟონავს მსგავსი მასალები. სახელმწიფო ინსტიტუტები, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებენ, ეს არის ნავი, რომელსაც აქვს ბევრი ხვრელი და რომელიც იძირება“

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, ამით უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახური და მის მიერ გადაბირებული პირები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომელთა მიზანია ქვეყანის ძირითადი ინსტიტუციების დისკრედიტაცია - დემორალიზაცია და მასობრივი დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაც კარგად არ დასრულდება.

"მსგავსი ინფორმაციის გაჟონვით, პირველ რიგში, შეიძლება იყვნენ დაინტერესებული უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები. სპეცსამსახურების და, ზოგადად, ოპერატიული სამსახურების კომპრომეტაცია წარმოადგენს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს. მეორე ძირითადი მიმართულებაა, ვინ შეიძლება იყოს შემსრულებელი:

1. ეს შეიძლება იყოს პირი, რომელიც გადაბირებულია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ და საქმიანობს სპეცსამსახურებში.

2. პირი, რომელიც კონკრეტულ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ კორუფციაში და არის კომპრომეტირებული.

3. პოლიტიკური პარტია, რომელიც შანტაჟის საფუძველზე ასრულებინებს ასეთ დავალებებს.

4. ყველაზე მძიმე სიტუაციაა მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტია ასრულებს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის დავალებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები გადაბირებულნი არიან უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ. ამაში იგულისხმება ნებისმიერი პარტია და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციით, სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციით და მოსახლეობაში შიშისა და პანიკის ინსპირირებით. ასეთ ქვეყნებში იგულისხმება რუსეთი და არა მარტო რუსეთი. აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციები რეალობას თუ შეესაბამება და ამის იდენტიფიცირება მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებში არსებობს საკადრო, საიდუმლო რეჟიმის დაცვის პრობლემა. მაინც ვფიქრობ და ხაზგასმით აღვნიშნავ იმ გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ, სხვადასხვა, მათ შორის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობებზე (ვისთანაც თავს იყრის სრულიად საიდუმლო ხასიათის ინფორმაცია), ძალიან დიდი ოდენობით დარჩნენ ის პირები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ კორუფციაში.

მოსმენა-მიყურადება ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც სპეცსამსახურები უნდა ახორციელებდნენ, ოღონდ, ეს უნდა იყოს ჩატეული კანონის ჩარჩოებში. ასეთი ქმედებები უნდა ხორციელდებოდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ასე რომ, ის, რომ მე ვიღაც არ მომწონს და ამიტომ ვახორციელებ მოსმენას, კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. ეს არის ჩვეულებრივი მეთოდოლოგია, რომელსაც სპეცსამსახურები არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-ში, ევროპულ სახელმწიფოებში და ნებისმიერ კონტინენტზე იყენებენ. მთავარია, ეს ინფორმაცია იყოს კანონიერი და დაცული.

მოვლენათა განვითარების ჯაჭვი მიანიშნებს იმაზე, რომ, მაღალი ალბათობით, შესაძლებელია გარკვეულწილად მზადდებოდეს სახელმწიფო გადატრიალება. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ, პირველ რიგში, ყველაფერი კეთდება საზოგადოების, სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი სტრუქტურის დემორალიზაციისთვის და ჯამში, მიიღწევა სახელმწიფოს ბრძოლისუუნარობა.

ამის ინიციატორები საკმაოდ ბევრი გვყავს პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო სექტორში, რაც მათი მხრიდან ღია და ფარული ხასიათის მოწოდებებში არის გამოხატული და, შესაბამისად, ყველა ნიშანია იმისა, რომ არსებობს ხელსაყრელი პირობა სახელმწიფო გადატრიალებისა. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის ქვეყანას გააჩნია შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც უნდა გაანეიტრალონ სიტუაცია. ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო მმართველობის გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ, მათ უფრო, მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ჰქონდეთ. ძირითადი აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სახელმწიფო მოხელეები, თუ პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები წარმოადგენენ საქართველოს სპეცსამსახურის აგენტურული აპარატის წევრებს. ეს არის პირდაპირ უცხო ქვეყნის სადაზვერვო ზეგავლენის ნიშანი. ნებისმიერ ქვეყანაში, მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, კონტრსადაზვერვო და პოლიციურ უწყებებს გააჩნიათ აგენტურული აპარატი. სპეცსამსახურების დემორალიზაციის პროცესის შემადგენელია სპეცსამსახურში და პოლიციურ უწყებებში გამოცდილების მქონე იმ პირების დისკრედიტაცია, რომლებიც პოლიტიკურ მოღვაწეობაში ერთვებიან. ყოველივე, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინტერესებში შედის და პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებს ემსახურება.