ავტორი:

"თუ "ნაცმოძრაობა" მაინც გაბედავს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, საკადრისი პასუხი გაეცემა" - ირაკლი კობახიძე

"თუ "ნაცმოძრაობა" მაინც გაბედავს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, საკადრისი პასუხი გაეცემა" - ირაკლი კობახიძე

ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გავრცელებულ ფარულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ „ფონის შემზადებაა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპირებს.

„ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია ის ბოლშევიკური კამპანია, რომელსაც ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით. ეს არის კამპანია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამ მძიმე ბოლშევიკურ კამპანიას საზოგადოების მხრიდან უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, განსაკუთრებით 2 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო ჩვენთვის „ნაცმოძრაობიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბოლშევიკური კამპანია არის მხოლოდ და მხოლოდ ფონის შემზადება გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება არის ბუნებრივი. ამ ბოლშევიკურ ქმედებებს და ამ გარყვნილ ქმედებებს, რა თქმა უნდა, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ მოგეხსენებათ, ჩავატარეთ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ორმა წარმომადგენელმა პარტიული ტელევიზიების, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ, გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ და მთლიანად არიან საქმის კურსი იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ისინი იქმნიან ერთგვარ ალიბს ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, საზოგადოება გასცემს საკადრის პასუხს.

ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, არის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ვიხილეთ გვარამიასა და დიანა ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მაინც გავრცელდება, „ამ შემთხვევაში, გაეცემათ საკადრისი პასუხი“.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის შიგნით არის მძიმე ვითარება. მათ არ აქვს დადებითი საარჩევნო პროგნოზები, მოლოდინები და ასეთ დროს, ბუნებრივია, ოფისებიდან ძალიან მარტივად ჟონავს ხოლმე ინფორმაცია. ჩვენ სწორედ მათმა წარმომადგენელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გამომდინარე იქედან , რომ ამ ადამიანისთვისაც კი იყო სრულიად შოკისმომგვრელი და მიუღებელი ის ინფორმაცია, გეგმა, რაც მოისმინა საკუთარი გუნდის ლიდერების მხრიდან. რაც მათ აქვთ დაგეგმილი, ეს ბოლშევიზმის ჩარჩოებშიც კი არ ჯდება, მხოლოდ გვარამიას, მელაძის, დიანა ტრაპაიძის და ინგა გრიგოლიას აზრებად შეიძლება მომწიფდეს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის პრევენცია და აქედან გამომდინარე ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული გარყვნილი გეგმის შესახებ. თუ მაინც გაბედავენ ისინი ამ ყველაფრის გაკეთებას, ამ შემთხვევაში გაეცემათ ბუნებრივია, საკადრისი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.