ავტორი:

შემზარავი საუკუნოვანი ტრადიცია, სისხლისგან წითლად შეღებილი წყალი და შოკისმომგვრელი კადრები - ფარერის კუნძულებზე წელს ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის, 1400 დელფინი მოკლეს

შემზარავი საუკუნოვანი ტრადიცია, სისხლისგან წითლად შეღებილი წყალი და შოკისმომგვრელი კადრები - ფარერის კუნძულებზე წელს ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის, 1400 დელფინი მოკლეს

ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობა ფარერის კუნძულებზე გავრცელებული პრაქტიკა და უფრო მეტიც, ტრადიციაა, რომელიც საუკუნეებზე მეტს ითვლის, თუმცა გასულ კვირას მომხდარმა ფაქტმა ცხოველთა უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ მხოლოდ ერთ დღეში ფარერებზე 1400-ზე მეტი დელფინი მოკლეს.

როგორც BBC-ი წერს, ეს არის რეკორდული რაოდენობა და აქამდე ერთ დღეში ამდენი ძუძუმწოვარი კუნძულზე არასდროს მოუკლავთ.

როგორც გამოცემა წერს, ხმელეთზე გადმოყვანის შემდეგ, დელფინები მოხმარებისთვის ადგილობრივებს დაურიგეს.

გავრცელდა ნადირობის ამსახველი შოკისმომგვრელი კადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ კლავენ მათ და როგორ წითლდება წყალი სისხლით, ხოლო ასობით ადამიანი ყოველივეს სანაპიროდან უყურებს.

  • აღსანიშნავია, რომ ფარერის კუნძულებზე ნადირობის მთავარი სამიზნე, როგორც წესი, ვეშაპები არიან ხოლმე.

კუნძულის ხელისუფლება ამბობს, რომ წლიურად საშუალოდ 600 ვეშაპს კლავენ, რაც შეეხება დელფინებს, უფრო ნაკლები რაოდენობით. მაგალითად, 2020 წელს 35 დელფინი მოკლეს, ხოლო 2019 წელს - 10.

ცხოველთა უფლებადამცველები დიდი ხანია, რაც პროსტესტს გამოთქვამენ და მიიჩნევენ, რომ ცხოველთა ასეთი ხოცვა სასტიკი, არასაჭირო და უფრო მეტიც, ბუნებისთვის ზიანის მომტანია. კვირას მომხდარის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დელფინების მასობრივად დახოცვა დაგმეს. სკალაბოტნურის სანაპიროზე დელფინების დახოცვის მასშტაბი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვისაც და ზღვის ძუძუმწოვრებზე მონადირეები სასტიკად გააკრიტიკეს.

  • ფარერის კუნძულების სანაპიროს ბიოლოგი, ბიარნი მიკელსენი ამბობს, რომ ერთ დღეში გაანადგურეს რეკორდული რაოდენობის დელფინი. აქამდე რეკორდი 1940 წელს დაფიქსირდა, როცა ფარერებზე ერთ დღეში 1200 დელფინი მოკლეს.

ფარერების ვეშაპებზე ნადირობის ასოციაციაშიც აღიარებენ, რომ ამ რაოდენობის დელფინების მოკვლა გადაჭარბებული იყო.

“ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი, ოლავურ სიურდარბერგი. მისი განმარტებით, იმ ადგილას, სადაც იცოდნენ, რომ დელფინები იყვნენ, წინასწარი გათვლებით ეგონათ, რომ მხოლოდ 200 დელფინი იქნებოდა, ხოლო შემდეგ გაცილებით მეტი აღმოჩნდა.

ფარერის კუნძულების წარმომადგენელი დანიის პარლამენტში, სიურდურ სკაალე ამბობს, რომ დელფინების დახოცვა ფარერის კუნძულებზე "ლეგალური, მაგრამ არაპოპულარული საქმიანობაა". მომხდარის შემდეგ ის ფარერის კუნძელებზე იმ სანაპიროზე მივიდა, სადაც დელფინები დახოცეს, რის შემდეგაც თქვა, რომ ადგილობრივები ძალიან გაბრაზებულები არიან.

როგორც BBC-ი წერს, ფარერების მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობის, თუმცა მას ჰყავს მომხრეები.

წყარო: BBC.com