ავტორი:

"ვაკის პარკი სრულიად ირაციონალურად იყო დაკეტილი მთელი ამ ხნის განმავლობაში" - როდის შეუშვებენ დამსვენებლებს ვაკის პარკში?

"ვაკის პარკი სრულიად ირაციონალურად იყო დაკეტილი მთელი ამ ხნის განმავლობაში" - როდის შეუშვებენ დამსვენებლებს ვაკის პარკში?

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. დასასვენებელი სივრცე მოქალაქეებისთვის ნელ-ნელა დაიკეტა. ზაფხულის განმავლობაში მუშაობის ტემპი აშკარად შენელდა (დიდად არც იქამდე იკლავდნენ თავს). სექტემბრიდან აშკარად გააქტიურდა, მაგრამ საკითხავია, პროექტი ვადებში რამდენად მოესწრება.

მუშაობის ამ ტემპით, როდის დასრულდება პარკის რემონტი და შეუშვებენ იქ დამსვენებლებს, ამ კითხვით ambebi.ge-მ "პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელს, ნატა ფერაძეს მიმართა:

- გეგმურად წლის ბოლომდე უნდა ჩააბარონ, როგორც მერიაში მითხრეს, სექტემბერში ასრულებენ. თუმცა რესტორან "ბუდაპეშტის“ ადგილი, რომლის ინვესტორისგან გამოსყიდვას შეგვპირდა კახა კალაძე, დღემდე დაბრუნებული არ არის; ინვესტორის საკუთრებაში რჩება. როგორც მერია ამბობს, ინვესტორი ზედმეტს ითხოვს და როგორც ინვესტორი ჩივის...

რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, არანაირი საჭიროება არ იყო პარკის ამხელა გადაკეტვა და დაგმანვა. სავსებით შეიძლებოდა სამუშაოების სეგმენტებად შესრულება. ერთადერთი რაც გააკეთეს, გზები განაახლეს; რაც ნარმანიამ სამი წლის წინ გააკეთა - კომუნიკაციებს ვცვლიო და გადათხარა მთელი პარკი. ახლაც, როგორც ამბობენ, ზუსტად იგივე გაკეთდა.

ასევე, რასაც ამბობდნენ (და ცუდი არ არის), შადრევანი სასმელ წყალზე დამოკიდებული აღარ იქნებოდა - ამისთვის სპეციალურ რეზერვუარს აკეთებდნენ მდინარე ვერადან ამოსული წყლით. არ ვიცი, ეს რეალურად შესრულდა თუ არა. თვითონ შადრევნის რეაბილიტაცია საერთოდ არ დაწყებულა. ტენდერი გამოცხადდა და ჩავარდა. ასე რომ, სრულიად ირაციონალურად იყო დაკეტილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკის პარკი.

- შადრევნის საკითხი რომ ასე გაურკვევლობაშია, სექტემბრის ბოლომდე როგორ მოესწრება დასრულება?

- გამორიცხულია, შადრევანი არ მოესწრება, თავი ისევ ვერ მოაბეს. ალბათ ძირითადად რაც გაკეთდება, ბევრ ახალ სკამს იყიდიან, შეკვეთის დიზაინიც გვანახეს. ჩვენი მოთხოვნა იყო ძველი სკამებიც შენარჩუნდეს, რადგან საღ მდგომარეობაში იყო. როგორც გვითხრეს შენარჩუნდება. ასევე, იქნება ლამპიონები და ბევრ იმპორტირებულ ახალ ხეს დარგავენ. ძალიან დიდ "ატკატს“ გააკეთებენ შესყიდვებში და არჩევნების წინ დიდი ცუმპა-რამპით ლენტსაც გაჭრიან. ამ დროს შადრევანი არც კი დაწყებულა, რომელ დასრულებაზეა საუბარი.

წესით ამ უნიათოებმაც კი შადრევნის გახსნამდე დამსვენებლები უნდა შეუშვან, ამისთვის გზებს მაინც აგებენ. აღნიშნული გზის ზედაპირები აქტუალური იყო და შევათანხმეთ, პარტიზანი მებაღეების უმეტესობას პრეტენზია არ გვაქვს. ეს არის იგივე წითელი ხრეში, ოღონდ ქაოსურად მიმოფანტული კი არ იქნება. რომ წარმოვიდგინოთ, ფიჭასავით ეგება და ამაში იყრები ხრეში. ორმხრივად კარგია, მიწის ზედაპირი ისუნთქებს და არც გაიფანტება.

გვერდზე ჩვენი მოთხოვნით (პროექტში არ იყო) დაამატეს შშმ და ეტლით მოსიარულეებისთვის ბილიკი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ არის ის, რისთვისაც პარკის მთლიანად გადაკეტვა იყო საჭირო. ფრაგმენტული გადაკეტვებით მეოთხედ დროში თავისუფლად გაკეთდებოდა.

სწორად აღნიშნეთ და მერიაშიც გვითხრეს, რომ თავიდან პროცესი უფრო ნელა მიდიოდა და ამის გამო კომპანია დავაჯარიმეთო. როგორც ყოველთვის მერია ეცდება მთელი ბრალეულობა კონტრაქტორზე გადაიტანოს და არა საკუთარ თავზე, ამ შეკვეთებს ადეკვატურად რომ ვერ არეგულირებს.

- სასტუმროსთან დაკავშირებით რას აპირებენ და გამოსავალი სადაა?

- აქ ყველაზე მძიმე და დანაშაულებრივ ტყუილთან გვაქვს საქმე. კალაძემ მოსვლისთანავე მერიაში ჩვენ და ინვესტორი, გოგა ზაქაიძე მიგვიწვია. საჯარო პირობა დადო (ინტერნეტშიც მოიძიებთ), რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდება ვაკის პარკს. ამ რენოვაციის პროექტშიც სასტუმროს ადგილას ამფითეატრი უნდა გაკეთებულიყო. პროტესტანტებს ეს არ გვინდოდა, ადგილი ველოსიპედისტებმა აითვისეს და გვინდოდა ექსტრემალური ველო პარკივით გაკეთებულიყო; არც ამფითეატრის კატეგორიული მოწინააღმდეგეები ვიყავით.

ახლახან მერიაში ამბავი ვიკითხე და მითხრეს, რომ ინვესტორთან ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ თემა დახურულად რჩება. ერთი კვირის წინ რომ მივედი და ორმო ვნახე (სასტუმროს ადგილზე), ვაკის პარკს ღობე აქვს შემორტყმული და ეს ტერიტორია ღობის გარეთ არის შემორჩენილი.

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, უცვლელი დარჩება პარკის არსებული გეგმარება; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ასევე, მოხდება უსახური, დაუსრულებელი კონსტრუქციების დემონტაჟი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდება მცენარეული საფარი.

პარკში არსებული ჩოგბურთის კორტები და კალათბურთის მოედანი შენარჩუნდება უცვლელად. ასევე, სრულად რეაბილიტირდება პარკში არსებული ღია კინოთეატრის შენობა. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე, სარწყავი, ელექტრომომარაგების სისტემა და საპარკე ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების ფარგლებში, პარკში ცხოველების სასეირნოდ ახალი სივრცე, საპიკნიკე ზონა, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები და სამაგიდო თამაშების ზონები მოეწყობა; განახდება ველობილიკი და შეიცვლება ტრაექტორია; საფეხმავლო ბილიკებზე მოეწყობა წითელი წიდის მსხვილი ფრაქციის განახლებული საფარი.

პარკის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ისტორიულ მოტივებზე შექმნილი დიზაინის სკამები და განათების ბოძები; აღდგება ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ოვალური შადრევნის ფორმა; კუს ტბის ფერდზე განახლდება გადმოსახედი და მოეწყობა მასთან მისასვლელი ბილიკები ბუნებრივი საფარით; პარკის ტერიტორია გადანაწილდება ორგანიზებულად, რათა აქტიური და პასიური ზონები ერთმანეთისგან გაიმიჯნოს; აიკრძალება ავტომობილებით გადაადგილება და ჩაიკეტება კუს ტბის გზის შესასვლელი.

პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც ამჟამად არსებობს. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა.

ვაკის პარკის რეაბილიტაციას კომპანია "დაგი ჯგუფი“ ახორციელებს, რომელმაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სახელმწიფო შესყიდვის საწყისი ღირებულება 19.9 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის 16 784 244 ლარი შესთავაზა. "დაგიმ“ 5 პრეტენდენტს შორის ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა და გაიმარჯვა.

პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და თანხის ძირითადი ნაწილი - 92,48%- 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ავტორი: მერაბ ბერიძე