ავტორი:

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

გუშინ, ვერაზე, სისხლიანი ანგარისშსწორებისას დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია, დღეს გარდაიცვალა. კვარაცხელია ხეჩინაშვილის კლინიკაში გულმ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ამბობენ, სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა კვარაცხელია, რომელსაც თავდამსხმელმა 9 ტყვია ესროლა, "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო. ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. მას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

  • ვინ არის გია კვარაცხელია?

გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს, წალენჯიხის სოფელ ჯგალში დაიბადა. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად ცხოვრობდა მოსკოვსა და კიევში. კვარაცხელია "კანონიერ ქურდად" 1988 წელს, 24 წლის ასაკში "მონათლეს" ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძენ ("პაატა ბალშოი“) და რომეო ბულიამ. ის რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"გია კვარაცხელია დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში. მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - უკრაინა, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი.

ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის დროზე დაუპირისპირდა სოხუმელ "კანონიერ ქურდებს" - ძმებ ჯანგველაძეებს, რომლებიც ტარიელ ონიანის სამეგობროს წარმოადგენდნენ. მის მტრებს შორისაა ძველი სოხუმელი ქურდი კაკო კოხია. როგორც ვიცი, კვარაცხელია დუდუ დადიანის პანაშვიდზეც იყო. გია კვარაცხელია ხმაურიან საქმეებში დიდად არ ყოფილა გახვეული. სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, არავინ იცის, დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება შვილის მოკვლა არც უნდოდათ, დაჭრა, ან შეშინება იყო მიზანი. გიამ შვილი ყველაფერს გააარიდა, მამის კვალს რომ არ გაჰყოლოდა, ძალიან ზრუნავდა მის მომავალზე, მიაღწია კიდეც, ნიკა ძალზე წარმატებული ახალგაზრდა იყო, ძალიან დასანანია მისი ასე ნაადრევად წასვლა ამ ქვეყნიდან...“

"გია კვარაცხელია 2003 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. წალენჯიხაში მას უზარმაზარი და ლამაზი სახლი ჰქონდა, რომელიც გიამ საპატრიარქოს გადასცა საჩუქრად. 2007 წელს კი სააკაშვილის მთავრობამ სახლი საპატრიარქოს ჩამოართვა და მასში პოლიცია გახსნა. ამ ეტაპზე შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და, ფაქტობრივად, უფუნქციოა. ერთი წელია, რაც წალენჯიხის პოლიცია ახალაშენებულ შენობაში გადავიდა. შვილის მკვლელობას რაც შეეხება, ხალხი აქ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, უფრო მამის თემას და შურისძიებას უკავშირებენ. ამ ეტაპზე კონკრეტული ვერსია არავისთვის არის ცნობილი. გია კვარაცხელია მუდმივად ეხმარებოდა ეკლესიას, მისი ფინანსური მხარდაჭერით აშენდა ჯგალში ტაძარი. ზოგადად, როგორც ვიცი, ტაძრების მშენებლობაში ღებულობდა მონაწილეობას. გიას თუ არ ვცდები, ნიკა მეორე ცოლისგან ჰყავს, ძალიან განათლებული და ნიჭიერი ბიჭი იყო, წალენჯიხაში გამორიცხავენ, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ამიტომაც ამ მკვლელობას მამაზე შურისძიებას უკავშირებენ“, - გვიყვება წალენჯიხის ერთ-ერთი მკვიდრი.