ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ისე ზიზღის ენას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული ბუკეტი იმისა, რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ ქარელში მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც „მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია დაშავდა.
მამუკა მდინარაძემ წარადგინა ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის მახლობლად დამონტაჟებული ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც მისივე განმარტებით, ჩანს, რომ ოპერატორი კამერით ხელში თავადვე გადაადგილდება.
„შევჩერდეთ კადრებზე, რომლებიც ჩვენ მიერ არის მოპოვებული. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში. ასევე ის ამბობდა, რომ როდესაც მათი ჟურნალისტი ბექა ყორშია სასწრაფოში რეკავდა, მაშინაც ოპერატორი უგონო მდგომარეობაში იყო. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც გადაადგილდება კამერასთან ერთად. შემდეგ ის ჯდება და უგონო მდგომარეობასთან აქ საქმე არ გვაქვს. ეს არის კიდევ ერთი ტყუილის მცდელობა, რათა მოხდეს მანიპულაცია და გვარამიამ საზოგადოება მოატყუოს, თითქოს ოპერატორი უგონო მდგომარეობაში იყო, არადა ამ დროს ვხედავთ, რომ ის გადაადგილდება. ასევე არის კადრები, რა დროსაც ბექა ყორშია, სავარაუდოდ, რეკავს სასწრაფოში, ამ დროს კი ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა „მთავარ არხს“ დაშავებული ოპერატორის კამერით გადაღებული იმ კადრების გამოქვეყნება სთხოვეს, სადაც ინციდენტი იქნებოდა აღბეჭდილი, რაზეც უარი მიიღეს.
„ის ორი კადრი, რაც ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, არ ასახავდა ვარდნის მომენტს. ჩვენ მხოლოდ სიტყვიერად მოვყევით ეს როგორ მოხდა. ოპერატორი უკანა სვლით მიდიოდა და მასთან ფიზიკური შეხება არავის ჰქონია, განსაკუთრებით, როდესაც ის მოაჯირს წამოეგო და დაეცა. არანაირი მეორე სართულიდან გადავარდნა, მითუმეტეს, გადაგდება არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდეთ „მთავარ არხს“, რომ ის კადრები, რაც მათ ჰქონდათ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კადრები არსებობს, რადგან კამერა იღებდა იმ მომენტშიც, რა დროსაც მოაჯირს წამოეგო ოპერატორი. თუმცა, „მთავარი არხის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპარატურა დაზიანდა და ჩაწერილი მასალა არ არის. წარმოუდგენელია, რომ ერთი წუთით ადრე არსებული მასალა გაავრცელეს და გადავარდნის შემდეგ ისე დაზიანდეს, რომ წამებით და წუთებით ადრე მოიჭრას და დანარჩენი დარჩეს. თქვენ, ჟურნალისტებმა, ჩემზე უკეთესად იცით, რომ მეხსიერების ბარათის ასეთი დაზიანება წარმოუდგენელია“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების მოტყუების მიზნით კონკრეტული კადრები დაიმალა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა „მთავარ არხს“, რომ ეს კადრები გაავრცელონ.
ამასთან, მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა და მოთმინებისკენ მოუწოდა.
„ყველა ჩვენს მხარდამჭერსა და აქტივისტს ვთხოვ და მოვუწოდებ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პარტიას 40 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციას. მაქსიმალურად უნდა მოვუთმინოთ ყველას ყველაფერი. სამწუხაროდ, ამის თქმა მიწევს, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი მხილებებით ვიქნებით დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ტელევიზიების საშუალებით უამრავ პროვოკაციაზე წასვლას ეცდება და ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. საიდან რა გამოჰყავთ და როგორ იტყუებიან, თქვენ კარგად ხედავთ. იმისათვის, რომ ჩვენ საარჩევნო გარემოზე ვილაპარაკოთ, ჩვენ გვჭირდება თქვენი მაქსიმალური მოთმინება და პროვოკაციაზე არწამოგება. წინააღმდეგ ჩვენ გავხდებით ამორალური შოუების მომსწრენი, როგორც გუშინ ვნახეთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.