რამდენიმე დღეა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბიჭის გარშემო ატეხილი სკანდალი არ წყდება. თავდაპირველი ვერსიით, 24 წლის გაგრელი ანრი ატეიბა გაგრის საავადმყოფოში ე.წ. პოლიციის განყოფილებაში ცემის შედეგად მიღებული ტრამვების გამო მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მოგვიანებით, ატეიბას დედამ ადგილობრივ სოციალურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სინამდვილეში მისი შვილი წინასწარი დაკავების საკანში ყოფნისას თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
აფხაზეთის ე.წ. მთავარმა პროკურორმა ბადრა აიბამ განაცხადა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ანრი ატეიბა, 2021 წლის 5 ივლისს გაგრაში დააკავეს.
მისი თქმით, მან პოლიციის თანამშრომლებს სამედიცინო შემოწმებაზე უარი უთხრა, მეტიც, აბუჩად აიგდო "სამართალდამცველები" და თავის ახლობლებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია მათ.
როგორც აიბა ამბობს, ამ ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავებმა ატეიბა დააკავეს და ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით" წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ ძალადობას გულისხმობს.
უფრო ადრე, ატეიბას ადვოკატმა, იგორ სკნარინმა გაგრის პროკურატურას აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვდა. მისი თქმით, დაზარალებულს ფიზიკური დაზიანებები "მილიციის თანამშრომლებმა" მიაყენეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, გაგრის "პოლიციის" წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ანრი ატეიბამ ზეწრით თავის ჩამოხრჩობა სცადა, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანა.
აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კიდევ ერთი ვერსიით, სასტიკად ნაცემი ანრი ატეიბა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მისი ოჯახის წევრებმა იმ იმედით გამოიყვანეს, რომ ქართველი ექიმები გადაარჩენდნე, მაგრამ უშედეგოდ...
აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ საქმე ატეიბას თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი გაგრის "პოლიციაში" დღენახევარი ჰყავდათ და ასე სწრაფად თვითმკვლელობის მცდელობასაც ფიზიკურად ვერ მოასწრებდა.
"აშკარაა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ცემაში შემოაკვდათ და მერე წაიყვანეს გაგრის საავადმყოფოში" - წერენ ადგილობრივები.
აფხაზი პუბლიცისტი, დავით დასანია მომხდარს სოციალური ქსელში ეხმაურება.
"ბევრისმნახველი და დიდი ტრაგედიის მომსწრე აფხაზეთი არაფერს არ დაუზარალებია, როგორც შიდა სისხლიან დაპირისპირებებს და ავტოსაგზაო შემთხვევებს. ანრი ატეიბა ომში კი არა, მშვიდობიან პერიოდში მოკლეს. ეს მკვლელობა იყო, უკანონობის შედეგი, რომლითაც წლებია აფხაზეთი ზარალდება" - წერს დასანია.
"იმ სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, ათასობით ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ავარიებითა და ზედოზირებით, იღუპებიან კოვიდითაც და რაც მთავარია, ერთმანეთსაც გამეტებით ვხოცავთ. ეს არის ეთნოსის თვითმკვლელობა. იმ წლებში ვერაფრით ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ თვითგადანადგურების გზას დავადგებოდით... სტალინის დროში ვცხვრობთ?.." - წერს კიდევ ერთი აფხაზი ასიდა ლამია.
"აშკარად ზედმეტი მოუვიდათ ჩვენს მილიციელებს, მაგრამ თუ ვინმეს გინახავთ ეს გავლენიანი ოჯახის შვილებისთვის როგორ სულ ერთია კანონი, მილიცია-პოლიცია და სხვა ადამიანის სიცოცხლე, იმასაც მიხვდება, ზეპროფესიონალი უნდა იყო, რომ მშვიდად იმოქმედო. ატეიბა ნარკომომხმარებელი იყო. კაპიკებზე მომუშავე ბიჭებს, ფეხსაცმლის ფულიც რომ არ აქვთ, ზემოდან არ უნდა უყურო, თორემ ერთხელაც ვინმეს ამოასხამს და ყველას ჯავრს იყრის..." - წერს "ალიას აფხაზი".