ავტორი:

ხმაური სუს-თან - "გირჩის" წევრებმა ადგილზე "შკოდა" მიიყვანეს და დაამტვრიეს, პოლიციამ 2 პირი დააკავა

ხმაური სუს-თან - "გირჩის" წევრებმა ადგილზე "შკოდა" მიიყვანეს და დაამტვრიეს, პოლიციამ 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა დააკავეს.

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, „შკოდა ოქტავიები“ სუს-ის სიმბოლოა და „მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს“.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ცოტნე კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებასაც ცდილობდნენ და პარტიის წევრები მას გამოესარჩლენ.

"გირჩმა აქ „შკოდა ოქტავია“ მოვიყვანეთ, დავუმტვრიეთ ეს შკოდა და სიბრაზე გამოვხატეთ ამ ფორმით. ჩემს დაკავებასაც ცდილობდნენ, მაგრამ არასრულწლოვანი ვეგონე და მომერიდნენ, დააკავეს ჩვენი პარტიის ორი წევრი, გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც გამოსარჩლებას ცდილობდნენ. ეს მანქანა ზურაბ ჯაფარიძემ იყიდა, შემდეგ ჩამოწერა, ნომერიც არ აქვს, მოვიყვანეთ მანქანა და აქ დავამტვრიეთ. სუს-თან მიმართებაში დაგროვებული ბრაზი გამოვხატეთ ამ ფორმით“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

"ამ შენობიდან იმართება ეს ქვეყანა და ყველაფერი, 2 ოქტომბრის არჩევნებსაც აქედან ჩაატარებენ. ეს სისტემა მართავს ამ ქვეყანას, შემომძვრალები არიან ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი იციან ჩვენზე. ეს შენობა დასანგრევია როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ამათი სიმბოლო „შკოდა ოქტავიები“ რომლითაც დადიან, ეს შენობაც უნდა დაილეწოს და დაინგრეს ზუსტად ისე როგორც ეს „შკოდა ოქტავია“ დაილეწება ახლა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.