ავტორი:

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ, დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ,  დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი, სავარაუდოდ, 20 წლის წინანდელ მკვლელობას და ე.წ. "სოხუმურ კლანს" უკავშირდება. AMBEBI.GE წერდა, რომ გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული "ქილერია". "კურიერის" ინფორმაციით, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო "ტბილისკი" ააფეთქეს. გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია. კადრებში ჩანს, რომ მკვლელი ობიექტს საკუთარ მანქანასთან, ხალხმრავალ ადგილზე, იქ, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, კეპით და პირბადით, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე ელოდება, შუა ქუჩაში უხსნის ცეცხლს და 9 ტყვიის გასროლის შემდეგ, ტოვებს ტერიტორიას.

AMBEBI.GE-ის წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი დავით კაკულიას შვილის მეგობარია, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერაზე სისხლიანი ანგარისშსწორების შედეგად 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. კვარაცხელიას კილერი თავს ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხა.

ნიკა კვარაცხელია, რომელსაც თავდამსხმელმა 9 ტყვია ესროლა, "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაწყო, თუმცა, დღეს საქმე განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარ ფოტოზე: დავით კაკულია (დათო "ტბილისკი") და გია კვარაცხელია