ავტორი:

1 თვის კოვიდინფიცირებული, რომელმაც 2 კვირა რეანიმაციაში გაატარა, სრულად გამოჯანმრთელდა

1 თვის კოვიდინფიცირებული, რომელმაც 2 კვირა რეანიმაციაში გაატარა, სრულად გამოჯანმრთელდა

ვატო 8 აგვისტოს დაიბადა, ნაადრევად, წონის დეფიციტით... დაბადებისთანავე დაისვა ბაქტერიული სეფსისის დიაგნოზი. მოგვიანებით, 13 აგვისტოს კი ახალშობილსა და მის დედას, ნინას კოვიდ 19 დაუდასტურდათ. ჯერ კიდევ სამშობიაროში მყოფი ვატო დაუყოვნებლივ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ვატო ჩემი პირველი შვილია და იმ ემოციების გადმოცემა, რასაც განვიცდიდი, ალბათ, შეუძლებელია. ციციშვილის კლინიკაში გადაყვანისთანავე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, მე კი მასთან დარჩენის შესაძლებლობა არ მქონდა. ურთულესი იყო სახლში მისვლა და ჩემი შვილის საწოლისა და ნივთების ყურება, როდესაც ის სახლში, ჩვენთან ერთად არ იყო, თუმცა ექიმებმა ვატოს ყოველდღიურად ნახვის ნება მომცეს. მასთან ყოველ დღე 5–10 წუთით შევდიოდი და ჩემთვის ესეც ბევრს ნიშნავდა. ვატო ინკუბატორში იწვა. მოგვიანებით ზონდით კვებაც დასჭირდა. მძიმე ორი კვირა გადავიტანეთ, თუმცა კლინიკის ექიმების დახმარებით ვირუსი და ბაქტერია დავამარცხეთ და დღეს უკვე მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას. ექიმების კეთილგანწყობა და პოზიტიური მიდგომა რომ არა, ამ პერიოდის გადატანას როგორ შევძლებდი, არც ვიცი,“– იხსენებს დედა.

თითოეული პაციენტის გადასარჩენად შესაძლებლობის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო პერსონალი. სწორედ მათ ხელში გაიარა 2000-ზე მეტმა კოვიდ-ინფიცირებულმა პაციენტმა. ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად ძირითადად ექიმების გამარჯვებით სრულდება.

„ჩვენს განყოფილებაში ამ დროისთვის ვირუსს 100–მდე ბავშვი ებრძვის. ვატო ერთ–ერთი მათგანია, ვინც საკუთარ სახლში სულ ახლახან, სრულად გამოჯანმრთელებული დავაბრუნეთ. მას ორკვირიანი ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა, რადგან მდგომარეობა შემოსვლისთანავე რთული იყო. გამოხატული გახლდათ რესპირატორული დისტრესი, იყო ბაქტერიული სეფსისი. ასევე, აღენიშნებოდა გულის მანკი - ღია არტერიული სადინარი. მას მუდმივად ესაჭიროებოდა ჟანგბადი, ანტითრომბოზული მკურნალობა. ვატოს მდგომარეობას, უმწიფარი იმუნიტეტის გარდა, ამძიმებდა თანმხლები დაავადება ახალშობილთა ბაქტერიული სეფსისის სახით. კოვიდის სხვადასხვა სიმპტომების პარალელურად, ვატოს სუსტი წოვის რეფლექსიც აღენიშნებოდა. იყო ადინამიური. ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ,“ – განმარტავს კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

დღეს ვატო კოვიდ-ინფექციისა და ბაქტერიული სეფსისისგან სრულად გამოჯანმრთელებულია. ციციშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი კი კიდევ სხვა მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად განაგრძობს ბრძოლას.