ავტორი:

"სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია" - ამირან გამყრელიძე

"სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა სტაბილიზაციისკენ მიდის.

როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი დაინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს და აქტიური შემთხვევების რაოდენობაც იკლებს. მისი განმარტებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც შემცირდა.

"ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"პირველ ადგილზე ადმინისტრირებადი ვაქცინებით არის "ფაიზერი“, შემდეგ "სინოფარმი“, შემდეგ "სინოვაკი“ და შემდეგ "ასტრაზენეკა“. 4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში.

ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას“,-განაცხადა გამყრელიძემ.