არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერაზე მომხდარ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა შსს-ში ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორის - ივერი ჭელიძის ნათესავის, ჯ. ჭ.-ს 21 წლის ვაჟია.
ambebi.ge ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის ახლობელს ესაუბრა:
"ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ დაწერა, რომ თითქოს ეჭვმიტანილი კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორის, ივერი ჭელიძის ძმის შვილიშვილია. ეჭვმიტანილის მამის ბაბუა და ივერის ბაბუის მამა ძმები იყვნენ, ანუ მეექვსე თაობის ნათესავები არიან. მათი გვარი უშგულიდანაა წარმოშობით. მაინც და მაინც ივერის მიაწერეს...
ნათესავები როგორ არ არიან, რაც უნდა მოხდეს ქვეყანაზე, გვარს და ნათესავს როგორ დაკარგავ, მაგრამ მათ ისეთი ახლო ნათესაობა არ აქვთ. მთელი გვარი დაზაფრულია მომხდარით, ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდის მკვლელობით. ეგ ბავშვი (მკვლელობაში ეჭვმიტანილი), მე პირადად, თვალითაც არ მინახავს, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არც მის დაკავებაზე ვიცი არაფერი. არ ვიცით, დააკავეს თუ არა ეს ბავშვი, არც ღირს მოსაკითხად ეს საქმე, ცუდი არც ჩვენი გვინდა, არც - სხვისი. ერთადერთი ის ვიცი, რომ ეჭვმიტანილის ოჯახი მკვდარია, მათთვის ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა და დიდი უბედურებაა. ჩვენს გვარში მსგავსი სისაძაგლე საუკუნეების განმავლობაში არავის ჩაუდენია. ახლა ყველა იმაზე ვოცნებობთ, ნეტა ჭორი იყოს და არა - სიმართლე. ამხელა მძიმე ცოდვა გვარს არ შეაწუხებს? სამართალდამცველებს არაფერი შეეშლებათ, იმედია, სიმართლე დადგინდება. მართლა არავინ იცის, რა და რატომ მოხდა. ნათესავმა დამირეკა და მითხრა, რომ გაოგნებულები არიან ოჯახში და საერთოდ არ იციან, რის გამო, ან ვის გამო მოხდა ეს საშინელება. მოგვარე ეჭვმიტანილი არ ჩანს, თუ მართლა მან ჩაიდინა დანაშაული, სახლში როგორ მივიდოდა... ეს მთელი გვარისთვისაც ცუდია და ოჯახისთვის, მით უმეტეს. თან, რომ იცოდეთ, როგორი კარგი ოჯახია. ძალიან გულნატკენები და დაზაფრულები ვართ ჭელიძეები. უსაშინლესი ფაქტი მოხდა“.