ავტორი:

"მოტოციკლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია..." - ცნობილი ტელეპროდიუსერის მეუღლე და 4 შვილიშვილის ბებია ზღვისპირეთში ცხოვრების ხიბლზე

"მოტოციკლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია..." - ცნობილი ტელეპროდიუსერის მეუღლე და 4 შვილიშვილის ბებია ზღვისპირეთში ცხოვრების ხიბლზე

ნატო ჭელიძე პროფესიით ექიმი სან-ჰიგიენისტია. გვეუბნება, რომ აქვს ფტიზიატრად მუშაობის გამოცდილება, ასევე მეცხრე საავადმყფოში ლაზერული აპარატითაც მუშაობდა. მოგვიანებით "მაესტროს" ტელესკოლაში მენეჯერის პოზიცია ეკავა. ბოლო 10 წელია მეუღლესთან, ცნობილ ტელეპროდიუსერ მამუკა ღლონტთან ერთად დედაქალაქი დატოვა და ზღვისპირეთში, კერძოდ, კაპროვანში დასახლდა.

კაპროვანი პატარა სოფელია, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს. იქ თურმე ადრე სტაროვერები ცხოვრობდნენ, რომლებმაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს. მას მერე ამ ადგილის პირველი მოსახლე ღლონტების ოჯახი აღმოჩნდა და პირველი პატარა, ვინც იქ გაიზარდა, მათი შვილიშვლი სესილი ავალიანია.

ღლონტებს იქ ადრეული წლებიდან მოყოლებული აგარაკი ჰქონდათ და მაშინ, როდესაც დედაქალაში აქტიურად საქმიანობდნენ, იქაურობას მხოლოდ დასასვენებლად პერიოდულად სტუმრობდნენ... 10 წლის წინ კი ბატონმა მამუკამ და ქალბატონმა ნატომ კაპროვანში ცხოვრებას ალღო მარტივად აუღეს.

თავიდან გარშემო ერთი მეზობელიც არ ჰყავდათ. მათ საცხოვრებელ ადგილას ჭაობი იყო. არ იყო დენი, გაზი, კანალიზაცია, მაგრამ მათივე აქტიური ძალისხმევით იქაურობა ნამდვილ სამოთხეს დაემსგავსა. ბოლო წლებში ისინი იქ უკვე ზამთარ-ზაფხულს ცხოვრობენ. ამასობაში სოფელიც, მოსახლეებით ფაქტობრივად, შეივსო.

ამჯერად AMBEBI.GE-ს სტუმარი ნატო ჭელიძე გახლავთ:

- ქალაქში აქტიური საქმიანობის შემდეგ არ იყო რთული ქალაქგარეთ დასახლება?

- ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია. როდესაც აქ წლების წინ სააგარე სახლი ავაშენეთ, პერიოდულად ჩამოვდიოდით, მაგრამ მაშინ არ ვფიქრობდით, თუ კაპროვანში დავსახლდებოდით. ამის იდეა მაშინ გაჩნდა, რაც პირველი შვილიშვილი სესილი დაიბადა...

ერთხელაც, მამუკა ჰამაკში იწვა, ისვენებდა და ასეთი აზრი მოუვიდა - შემთხვევით, აქ ერთი ოთახი ხომ არ გაგვექირავებინაო? იდეას მეც ავყევი. ერთ სახლს მეორე კოტეჟი დაემატა, მეორეს მესამე და მერე უკვე საჭირო გახდა, მუდმივად აქ ვყოფილიყავით.

- საოცარ ბუნებაში ხართ, ყველაფერი ისედაც ლამაზია, მაგრამ თქვენს ეზო-კარს პატრონის, ანუ თქვენი ხელი ეტყობა. ჩანს, რომ სერიოზული შრომა და ენერგია გაქვთ ამ ყველაფერში ჩადებული. მოგვიყევით ამაზე...

- მამუკა პროფსიით არქიტექტორია და სახლები, რაც ჩვენს ეზოშია, მისი დაპროექტებულ-აშენებულია. დანარჩენი - გამწვანება, მცენარეები, ეზოს მოწყობა, აქსესუარები - უმეტესად ჩემი ნამუშვარია. მართალია ყვავილები მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ მამუკაც აქტიურად არის მათ მოვლაში ჩემთან ერთად ჩართული. საერთოდ, ორივემ და ალბათ ტანდემში შევძელით ეს ყველაფერი.

ქალაქის დატოვება არ იყო რთული, მაგრამ ამას ალბათ ასაკმაც შეუწყო ხელი, ან აქ იმდენად კარგია, რომ არ გაგვიჭირდა, - ამაზე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ვფიქრობ, ორივე იყო... ბავშვობიდან ვოცნებობდი ზღვაზე ცხოვრებაზე და ისე მოხდა, რომ ეს ოცნება უკვე დიდი ხანია, რეალობად იქცა...

ქალაქის ცხოვრების ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს. უბრალოდ, ჩემები მენატრებიან, ვინც იქ მყავს და ეს არის...

- არა მარტო მცენარეები, საყვარელი ოთხფეხა მეგობრებიც გყავთ, რომლებიც თქვენთან თავს შესანიშნავად გრძნობენ. გამორჩეულია თქენი ფრანგული ბულდოგი "კოჭოია" და ასევე "ბზიკიც". მათ სოციალურ ქსელშიც კარგად იცნობენ...

- კი... კატაც გვყავდა "ვეფხო", მაგრამ მამრი იყო და თბილისში საქმეზე რომ გვიწევდა წასვლა, ეტყობა, იმ პერიოდში სხვას ეკედლებოდა ხოლმე და ერთხელაც რომ ჩამოვედით, აქ აღარ დაგვხვდა.

"კოჭოს" სახით მამუკამ საჩუქარი გამიკეთა და ძალიან გამახარა. "ბზიკი" კი მამუკასია, სულ მას შესციცინებს. ძალიან საყვარელია. კოჭო კი ნამდვილი მსახიობია, მამუკა რა როლსაც მიანიჭებს, იმ როლს თამაშობს.

- ბუნებასთან ახლოს ხართ, სუფთა ჰაერზე, უვლით მცენარეებს, ცხოველებს... მიუხედავად იმისა, რომ სულ შრომაში ხართ, ასეთი ჯანსაღი და სასიამოვნო გარემო ადამიანს ალბათ სიმშვიდეს ანიჭებს, არა?

- ასეა. ამ გარემოში საქმიანობა და უბრალოდ ყოფნაც სასარგებლოა, გონება მართლაც ისვენებს. საერთოდ სხვა ცხოვრებაა. მე მთაშიც ვყოფილვარ, მთაც მიყვარს, რაჭველი ვარ და არაჩვეულებრივი სოფელი მაქვს, მაგრამ რატომღაც იქ ვერ ვიცხოვრებ. ალბათ იმიტომ, რომ ზღვაზე ცხოვრება, როგორც ვთქვი, ყოველთვის ჩემი დიდი სურვილი იყო.

- მამუკა ღლონტი წლების განმავლობაში ყოველთვის პოპულარული პროექტების სათავეში იყო, აქტიურად საქმიანობდა ტელევიზიაში. ნუთუ იმ პერიოდის მონატრება სულ არ გაქვთ? ამჯერად იმ ყველაფრისგან ხომ რადიკალურად განსხვავებულად ცხოვრობთ...

- ახლანდელი ცხოვრების ხიბლს არაფერი შეედრება. ის კი უბრალოდ ახალგაზრდული პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი. თუმცა მაშინ იმას ვერც ვაცნობიერებდი, რომ ეს ჯობია და ნებისმიერ ასაკში ჯობია. ისიც არის, რომ ადრე ასე არ იყო, ქალაქგარეთ ცხოვრებას ხალხი დიდად არ ეტანებოდა, თორემ ალბათ ამას მაშინ ავირჩევდი.

- ყველაფერთან ერთად, შვილიშვილებსაც ზრდით, მათზე ზრუნავთ და ისინიც დიდ დროს თქვენთან ატარებდენ... როგორია ბებიის როლი?

- სესილი გაჩნდა თუ არა, 4 თვის ასაკში აქ წამოვიყვანეთ. იმის მერე აქ იყო და კაპროვანელად ითვლება. ახლა მეორე კლასში გადავიდა, სწავლა დაიწყო და ამიტომ აქედან 2 დღის წინ წავიდა... 4 შვილიშვილი გვყავს - უფროს შვილს სამი შვილი ჰყავს - სესილი, მატასი და სანდრო ავალიანები, შუათანას შვილი ჯერ არ ჰყავს და უმცროსს კი - ვაჩე ჰყავს. ბებიის როლი გადასაევია, ამას არაფერი შეედრება. რომ ამბობდნენ - ბებია და ბაბუა რომ გახდები, შეიძლება, გაგიჟდეო, მართლა ასეა. თითქოს ჩვენი შვილების პატარაობაში დავბრუნდით. შვილების პატარობა ადამიანს ხომ გენატრება და ამ მონატრებას შვილიშვილები გივსებენ. თითოეული მათგანი სხვადასხვანაირი და ძალიან საყვარელია.

- თქვენი ჯანსაღი ცხორების კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ისაა, რომ მუდმივად ველოსიპედით და მოტოციკლით გადაადგილდებით. როდიდან მართავთ ამ ტრანსპორტს?

- კარგა ხანია. მამუკამ რომ დაიწყო მოტოციკლით სიარული, მეც მაშინ დავიწყე მისი მართვა, რადგანაც ძალიან მიყვარდა. უბრალოდ, ჩვენ ახალგაზრდობაში ასე მასობრივი არ იყო მოტო და სკუტერი, თუმცა ველოსიპედით სულ დავდიოდი. ამის გარეშე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი.

მოკლედ, თბილისში მოტო სკუტერი როგორც კი გაჩნდა, მგონი, იმ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი პირველი მეც ვიყავი, ვინც მის მართვას შეუდგა. თავიდან პატარა სკუტერით დავიწყე, ახლა უკვე 130-იანით გადაავადგილდები. მანქანა კი გვყავს, მაგრამ ველოსიპედი და მოტოციკლი სულ სხვა რამ არის. გუშინ მაგალითად, აქედან ბათუმში ველოსიპედით წავედით. ეს ის ტრანსპორტია, რომლითაც საცობს ვერ გრძნობ. მერე ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

- რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ ადამიანებს, ვისაც ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი აქვთ, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებენ ამას?

- თუ სურვილი აქვთ, ალბათ უნდა მოახერხონ კიდეც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. აქ ცხოვრება და ყოფნა ემოციურად სხვა განცდებს განიჭებს. შორს ხარ ქალაქის რუტინისგან, სუნთქავ სუფთა ჰაერს და შენთვის ფუსფუსებ და შრომობ ოჯახითვის სასარებლოდ. ყველას სიმშვიდის მოპოვებას და სურვილების ასრულებას ვუსურვებ.