ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებბული პირები 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის ჯეირან ჭელიძის შვილია. ორივე მათგანზე შსს-ს ძებნა აქვს გამოცხადებული. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.
კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნიკა კვარაცხელია "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო.
22 წლის ახალგაზრდას სამშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.