81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.
მგალობლიშვილი მაყურებელმა ფილმში "უდიპლომო სასიძო" შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. იგი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის "ბიჭიკოს" პერსონაჟი აღმოჩნდა.
კოტე მგალობლიშვილი 1995 დან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობისა და პოლიტიკოსის კოტე მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.
კოტე მგალობლიშვილი გადაღებულია ფილმებში "ჩვენი ეზო", რომელშიც გოჩას როლს თამაშობდა და "უდიპლომო სასიძო", სადაც ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟი ბიჭიკო განასახიერა. ასევე, იგი იყო საქართველოს მე-4, მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995 წლიდან 2008 წლამდე).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს კოტე მგალობლიშვილის შემოქმედებას და მოღვაწეობას და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.