საქართველოს საზღვრებს მიღმა უამრავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს, შრომობს, სწავლობს და წარმატებასაც აღწევს. ხშირად მათ შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ როგორც კი მათთან გასაუბრების საშუალება გვიჩნდება, შანსს ხელიდან არასდროს ვუშვებთ - ისინი ჩვენი რესპონდენტები ხდებიან.
ამჯერად ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა, მარიამ მაღლაკელიძე უნდა გაგაცნოთ. ის არის ამერიკის არქიტექტორთა კავშირის (AIA) ასოცირებული წევრი, ამერიკის ლანდშაფტის არქიტექტორთა კავშირის (ASLA) წევრი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) ხელოვანი.
რა გზა გაიარა წარმატებამდე, როგორ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა და რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ამაზე Ambebi.ge-ს თავად უამბობს.
- როგორც ვიცი, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ...
- დიახ, გავიზარდე ხელოვანთა მრავალშვილიან ოჯახში, სადაც ყოველთვის იყო დისკუსია თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაზე. ჩვენთვის ყოველი დღე ინსპირაცია იყო სიახლისკენ. ბავშობიდან, ვმონაწილეობდით გამოფენებში, კონკურსებში, კულტურულ ღონისძიებებში, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ, მენტალურ და პროფესიულ ჩამოყალიბებაზე.
- პროფესიის არჩევაში რამ და ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი და რატომ აირჩიეთ დიზაინერ-არქიტექტორობა?
- ვფიქრობ, ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზმა და ამ სფეროების მრავალფეროვანმა თანაკვეთამ დიდი ზემოქმედება იქონია ჩემზე - სფერო, რომელშიც დღეს ვმოღვაწეობ, დიზაინი და არქიტექტურა, სწორედ ამის გამოხატულებაა.
- დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობთ. მეცნიერების მაგისტრანტის მოწინავე არქიტექტურული დიზაინის ხარისხიც მოგენიჭათ. როგორ მიაღწიეთ ამას?
- სწავლა საქართველოს ტექნიურ უნივერსიტეტში აქიტექტურის და დიზაინის ფაკულტეტზე დავიწყე, შემდეგ კი ერასმუს პროგრამით წავედი და ბაკალავრიატი ლისაბონის უნივერსიტეტში დავამთვრე. მაგისტრატურა ტარტუს უნივერსიტში, ესტონეთსა და დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტებში გავიარე. ასევე, ავიღე კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერის ხარისხი მოწინავე არქიტექტურლ დიზაინში. ეს პროგრამა შექმნილია გამოჩენილ ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ვისაც უკვე აქვს მაგისტრატურის ხარისხი დიზაინში და ამ სფეროში ათასობით აპლიკანტიდან მხოლოდ საუკეთესო ხუთ პროცენტს მიეკუთვნება.
კოლუმბიის არქიტექტორული დიზაინის პროგრამა დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო პროგრამად ჰარვარდის უნივერსიტეტსა და ციურიხის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად, რომლებიც მსოფლიოს ახალ ტექნოლოგიურ და გარემოს ევოლუციებს აყალიბებენ.
- ამერიკაში სხვადასხვა კრეატიულ ფირმაში მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილებაც გქონიათ...
- 2018 წლიდან ვსაქმიანობდი ნიუ-იორკის რამდენიმე კრეატიულ ფირმაში დიზაინერ არქიტექტორად. პირველი ფირმა, სადაც ვმუშაობდი, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დიზაინისა და არქიტექტურის ფირმა იყო. 35 ოფისითა და 5.000-ზე მეტი თანამშრომლით. ბოლო ფირმა შედარებით პატარა იყო, სადაც მთავრი აქცენტი მდგრად "Resilient“ არქიტექტურასა და დიზაინზე იყო გაკეთებული.
- როგორი აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი ამერიკაში?
- სწორედ აღნიშნულ ფირმაში ვსაქმიანობდი, როცა პანდემია დაიწყო. პირველი რამდენიმე თვე ნიუ-იორკში საკმაოდ რთული იყო, ყველა ფირმა მოულოდნელად ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა და ქალაქში ზოგადად დაძაბულობა შეიქმნა, თუმცა რამდენიმე თვეში ყველაფერი დასტაბილურდა.
- ცნობილ და მაღალი რანგის პედაგოგებთან გაგივლიათ სასწავლო კურსი... გვიამბეთ ამაზე...
- კი... პანდემიის პერიოდში კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ნატურალური მასალების ლაბორატორიაში, წამყვან სამეცნიერო მკვლევარ-ასისტენტად დავიწყე მუშაობა. ეს ორმაგად დიდი გამოცდილება იყო, რადგან ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ ისეთი ცნობილი არქიტექტორები, როგორებიც არიან - სტივენ ჰოლი, ბერნარდ შუმი, მარკ ვიგლი, ანდრეს ჰაკი და სხვები.
ვცდილობთ, შევისწავლოთ ახალი ფორმები და მასალის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობა, მომავლის უფრო მდგრადი და ეკოლოგიური დიზაინისთვის. მე, კონკრეტულად ვხელმძღვანელობ სამეცნიერო კვლევას ბაიოფილურ დიზაინსა და ბუნებრივ მასალებზე, რაც წარადგინეს არქიტექტურისა და დიზაინის სიმულაციების სამეცნიერო კონფერენციაზე. ჩვენი ნაშრომი ასევე გამოქვეყნდა მომავლის ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალში.
- როგორია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ქვეყანა, რომელშიც გიწევთ ყოფნა? ამასთან, რა მოგცათ ამერიკამ გარდა იმისა, რომ იქ განათლებას და გამოცდილებას იღებთ?
- ამერიკა დიდი ქვეყანაა, არა მხოლოდ ტერიტორიულად, მენტალიტეტითაც ძალიან განხვავებულია. ნიუ-იორკი და ესა თუ ის შტატი, ამა თუ იმ ქვეყნის მსგავსად, ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, დასავლეთ ვირჯინიის შტატში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტუდენტი იყო არაერთი ქვეყნიდან, მაინც უცხო სხეულად აღგიქვამდნენ. რაც ამართლებს სტატუს alien (ყველა არა ამერიკელი მოქალაქე „alien“ სტატუსით არის).
ნიუ-იორკში პირველად 2017 წელს ჩამოვედი, მაგრამ როცა საცხოვრებლად გადმოვედი, 2019 წლის დასაწყისში, ყველაფერი სხვაგვარად მომეჩვენა, აქ სხვა შტატებთან შედარებით "უცხოპლანეტელი“ არ ხარ, რადგან უმეტესობა ზუსტად შენნაირია. ყველაზე შთამბეჭდავი თავიდან და დღემდე ჩემთვის კულტურულ, რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალური მრავალფეროვნება იყო.
ნიუ-იორკში მთავარი სირთულე რუტინაა, ჩქარი მატარებელივით მიქრის, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო. პანდემიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თითქოს დროებით შეჩერდა და გადაფასდა ეს ყოველდღიური რუტინა.
- ამერიკაში სწავლის საშუალება რომ არ მოგცემოდათ, მხოლოდ საქართველოში ყოფნით რა შედეგი გექნებოდათ?
- საქართველოდან ამერიკამდე დიდი გზა გამოვიარე, პირველად 15 წლის ასაკში წავედი გერმანიაში საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად, მას შემდეგ ყოველთვის მინდოდა, სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. საქართველოში თან ვსწავლობდი და თან - ვმუშაობდი, მაქსიმალურად დატვირთული გრაფიკი მქონდა, მეორე კურსზე უკვე ვიგრძენი გარკვეული ჩარჩოები, რაც ორმაგი სტიმული იყო, რომ სწავლა ევროპაში გამეგრძელებინა. მხოლოდ საქართველოში ყოფნით კი არ ვიცი, პროფესიულად დღეს ვინ ვიქნებოდი.
- რას მიიჩნევთ საკუთარი წარმატების ფორმულად?
- ვფიქრობ, რომ წარმატება ძალიან აბსტრაქტული სიტყვაა, რომელსაც ხშირად ათვლის წერტილი არ აქვს და მხოლოდ გარკვეული სიმაღლით იზომება. თუმცა, ვფიქრობ, რომ დღეს სადაც ვდგავარ, ამის მთავარი ფორმულა - მიზნისკენ სწრაფვაა და ამ პროცესში ყველაფერი თავისით ლაგდება. ჩემ შემთხვევაში, მიზანი არ ყოფილა რაიმე კონკრეტული, არამედ თავად პროცესი და სიამოვნება ახლის შექმნისა და შეცნობის. ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ჩემი ცხოვრების ნაწილია და ხშირად ვერ ვგრძნობ, რამხელა ენერგიას და შრომას ვდებ ამაში.
- როგორები არიან ამერიკელი თანატოლები?
- ბოლო რვა წლის განმავლობაში, რაც საქართველოდან წამოვედი, მეგობრები შევიძინე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აზია, რამდენიმე - აფრიკიდან და ევროპიდან). ეს საოცარი პროცესია, მეგობრობ რასის, ფერის, წარმომავლობისა და ყველანაირი იერარქიის გარეშე. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ხვდები, ადამიანი რამდენად ერთია და ამავე დროს მრავალფეროვანი.
- რომელიმე პედაგოგის რაიმე რჩევის გახსენება ხომ არ შეგიძლიათ, რაც თქვენთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
- ამ წლების განმავლობაში რამდენმე ხელმძღვანელი იყო, ვისგანაც დიდი ინსპირაცია მიმიღია, მაგალითად, 2016 წელს, ესტონეთში ჩამოვიდა პროფესორი ჩარლზ იული, რომელმაც ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მითხრა, - ეს ძალიან მომწონს. შენ ამერიკაში უნდა ისწავლო. ამ დროსითვის ჰენინგ ლარსენის ფირმაში ვიყავი სტაჟირებაზე აყვანილი, დანიაში, თუმცა ეს ერთი წინადადება ჩემთვის იმდენად დიდი ინსპირაცია იყო, ყოველდღიური შრომისდა 6 თვის შემდეგ, სასწავლებლად დასავლეთ ვირჯინიაში გადავედი.
სტივენ ჰოლი ლექციას კითხულობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, როცა ხელოვნების სკოლის იოვას მოკლე დახასიათება გავუკეთე. სტივენს ძალინ გაუხარდა ჩემი კომენტარი, ის ყოველთვის ყველა რეაქციას, გაბრაზებას თუ სიხარულს უმალვე გამოხატავს და მითხრა, რომ სწორედ ეს იყო მისი ჩანაფიქრი. მეუღლეს, დიმიტრა საქრელიას კი სთხოვა, გამოსაქვეყნებლად ჩაენიშნა.
რამდენიმე თვის წინ კი, თეი ქარფენტერმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორის, ტოშიკო მორის შვილია, ხაზი გაუსვა დღევანდელ ტექნოლოგიურ ზეგავლენას არქიტექტურულ ხელწერაში, რომელიც ყველაფერს ერთგვაროვანს ხდის და აღნიშნა, რომ ძალიან განსაკუთრებული ინვდივიდუალური ხელწერა და სტილი მაქვს, რომელსაც სხვების ნამუშევრებში ამოიცნობს და მირჩია, ეს შევინარჩუნო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენ ამ დიდ თუ ძალიან პატარა დედამიწაზე, ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, ინსპირაციას. როგორც ჩემმა ხელმძღვანელმა ანდრეს ჰაკამ მიუძღვნა წელს შანჰაის ბიენალე ერთობასა და ერთად ცხოვრებას დედამიწაზე, ყველა მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან.
- როგორ ჩანს საქართველო ამერიკიდან?
- საქართველო, უმეტესი ემიგრანტისთვის დიდი მონატრების საგანია... საქართველო უცხოელებისთვის სხვადასხვაგვარია, ევროპისგან განსხვავებით ამერიკაში ან ბევრი იციან საქართველოზე ან - არაფერი. მათთვის კი, ვინც განუვითარებელ სახელმწიფოს ეძახის საქართველოს, ყოველთვის ვესაუბრები მრავალწლიან კოლონიზაციაზე და რუსულ ზეგავლენაზე...
საქართველოს ნოსტალგია ყოველთვის ძალიან დიდია, იმდენად დიდი, რომ ცდილობ, ამაზე არ იფიქრო. როცა ევროპაში ვცხოვრობდი, წელიწადში ორჯერ ჩამოვიდოდი ხოლმე, მაგრამ, რაც ამერიკაში გადმოვედი, მანძილიდან გამომდინარე, ეს უკვე რთული პროცესი გახდა.
- სამომავლოდ რა გეგემბი გაქვთ - საქართველოში აპირებთ პროფესიულ საქმიანობას?
- საქართველოში რამდენიმე პროექტზე მიმუშავია, მაგრამ მინდა, მომავალში უფრო აქტიურად ჩავერთო პროცესებში. ვფიქრობ, საქართველოში არის ძალიან დიდი პოტენციალი და ინტელექტუალური რესურსი, რომ ინოვაციების კუთხით დიზაინსა და არქიტექტურაში ბევრი გაკეთდეს.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა ახალგაზრდებს რას ურჩევდით?
- ახალგაზრდებს, ნებისმიერ სფეროში, ვურჩევდი, რომ სჯეროდეთ საკუთარი ოცნებების! ადამიანს ყოველთვის აქვს იმაზე მეტი ინტელექტუალური რესურსი, რასაც იყენებს. ასე რომ, საკუთარ თავზე მეტი ვიმუშაოთ...