ავტორი:

გიორგი გახარია "სისხლიან ბანერებზე“ - "არიფულად“ ფიქრობენ, რომ ამით თბილისს "დააბოლებენ“

გიორგი გახარია "სისხლიან ბანერებზე“ - "არიფულად“ ფიქრობენ, რომ ამით თბილისს "დააბოლებენ“

"როგორი "არიფები“ არიან, რომ ერთი იფიქრეს, ნარკოტესტირების პროვოკაციით და ცილისწამებლური კამპანიით დამაზიანებდნენ და მეორე, ზუსტად ისევე არიფულად ფიქრობენ, ამით ესენი თბილისს "დააბოლებენ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, რომელიც "სისხლიან ბანერებზე“ მისი ფოტოსურათის მოხვედრას შეეხებოდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ ბანერებზე მისი ფოტოს მოხვედრა, პარტიის მზარდმა რეიტინგმა განაპირობა.

"ჩვენ ამ ბანერებზე იმიტომ მოვხვდით, რომ გვაქვს მზარდი რეიტინგი და "ოცნებამ“იცის, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ ამ ქვეყანაში განახლებას. მერწმუნეთ, ამ მხარდაჭერით მე მხოლოდ და მხოლოდ ვამაყობ. ისეთი რაღაცები რაც ახლა ჩვენს საწინააღმდეგოდაა: ჭორები, ცილისწამებლური კამპანია, ბანერები, ზიზღი, მხოლოდ გვაძლიერებს და მერწმუნეთ, ჩვენს მხარდამჭერებსაც აძლიერებს.

მე ადრეც ვამბობდი, სანამ ჩემი ფოტო არ იყო, ყოველთვის, რომ ეს არ არის სწორი, ეს არის ამორალური და ეს არ მოიტანს შედეგს.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა გააკეთა ფორმალურად. ფორმალურად ეს არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს ბანერები ხომ არის კამპანიის ნაწილი? ვის წინააღმდეგაა მიმართული? როგორი არიფები არიან, რომ ერთი იფიქრეს, ნარკოტესტირების პროვოკაციით და ცილისწამებლური კამპანიით დამაზიანებდნენ და მეორე, ზუსტად ისევე არიფულად ფიქრობენ, ამით ესენი თბილისს დააბოლებენ. რაღაცა ობიექტურ რეალობას აცდენილია ეს ხალხი, შეფასებები ეშლებათ სადღაც“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, გავრცელდა ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.