ავტორი:

"2 ოქტომბრამდე ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ გვცალია" - მელიას პასუხი "ლელოს" ინიციატივაზე და ხაზარაძის კომენტარი

"2 ოქტომბრამდე ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ გვცალია" - მელიას პასუხი "ლელოს" ინიციატივაზე და ხაზარაძის კომენტარი

მე პირადად, უბრალოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღოთ - 2 ოქტომბრამდე ყველაფერს აზრი დაკარგული აქვს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

მელიას თქმით, ქვეყანაში ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს გადაწყდება.

„2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. მანამდე ველზე სამუშაო ძალიან ბევრია. ორი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ნიკა მელიას განცხადებას „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გამოეხმაურა.

მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას გადახედავს.

„ეს პოზიცია ჩემთვის არის გაუგებარი, იმედია გადახედავენ ამ პოზიციას. თუ დროის ამბავია, მინდა ვთხოვო, გადახედონ ამ დროს. თუ ვერ მოხერხდება 2 ოქტომბრამდე, ხელმოწერა დაგვიფიქსირონ. „ოცნების“ დეპუტატებსაც მივმართავ, რომ სიმართლე გავარკვიოთ. ჩემი ამოცანა კი არ არის, რომ ბატონი ლილუაშვილი მოვიდეს და თავს დავესხათ, არა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მელიას განცხადება მისთვის გაუგებარია ორი მიზეზის გამო.

„ჯერ ერთი, რას ნიშნავს „ივანიშვილის თავყრილობა“ არ მესმის. აქ, ლაპარაკია პარლამენტში ივანიშვილის მინისტრების დაბარებაზე, პრემიერ - მინისტრით დაწყებული, მათი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. ეს უნდა იყოს ღია და საჯარო. მეორე - ჩვენ ყველა დაკავებული ვართ,ყველა ველზე ვართ, წინა სააჩევნო მარათონში ვართ ჩაბმული, მაგრამ ხელის მოწერას და პოზიციის დაფიქსირებას წინ არაფერი უდგას. 2 ოქტომბრამდე, თუ 5 ოქტომბერს ჩავატარებთ ამ სხდომას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დღეს პრინციპული მნიშვნელობისაა ის, რომ დააფიქსირო - საპარლამენტო ტრიბუნა იმისთვის არის შექმნილი, რომ ოპოზიცია ასეთ საკითხებში არის ერთიანი. თუ ასეთ საკითხებში ერთიანი არ ვართ და მიზეზია ის, რომ თურმე ყველა ველზე ვართ და სხდომაზე ვერ მოვალთ, ამას მე ვერანაირად მივიღებ. ხელი უნდა მოაწეროს, ალბათ, ყველა პასუხისმგებლიანმა ადამიანმა. „ქართულ ოცნებაში“ პარლამენტში ვინც არის ძალიან ბევრ ადამიანს პატივს ვცემ და იმათ ეს ამბავი აწუხებთ. წესით, ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებლიანმა დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი და მოისმინოს, იქნებ მართალია ეს ხალხი, მარტივად რომ ვთქვათ. იქნებ, ლილუაშვილი მართალია და უცხო ქვეყნის აგენტურა შემოვიდა, ისინი გვიკეთებენ და ქვეყანას თავზე გვამხობენ, იქნებ ეს ხალხი ცამდე მართალია, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ?!“, - აცხადებს ხაზარაძე.

ამასთან, ხაზარაძემ მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„მეგობრებო და თუ თქვენ, ასე აპირებთ ამას შეეგუოთ, მაშინ, რა გინდათ პარლამენტში, საერთოდ ვის უფლებებს იცავთ. თქვენი, როგორც დეპუტატების ჩანაწერები არსებობს და სანამ თქვენამდე ნელ-ნელა არ მოვა ეს ურემი და არ ჩამოდგება, მანამდე ე.ი. ყველაფერი მიდის იქითქკენ, რომ ეს ყველაფერი გადავავადოთ?! ოპოზიციური დეპუტატების უკვე 27 ხელმოწერა არსებობს. საჭიროა 11 ხელმოწერა. ჩვენი საზოგადოება ღირსია სერიოზულ კითხვებს გავცეთ პასუხი. უნდა დავინახოთ, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენ, მოქალაქეებს გვიცავს, თუ იცავს ადამიანების რაღაც ჯგუფს, რომლის დაკვეთებსაც ისინი ასრულებენ. გაგახსენებთ, ანალოგიური დიდი შეცდომა იყო, როდესაც ვახტანგ გომელაური იყო დაბარებული და ის დიდი სხდომა ჩავარდა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ სხდომის გაგრძელება. დეტალებში აღარ შევალ, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. არ ვიცი, ეს მოხდა შემთხვევით, თუ დაგეგმილი იყო, მაგრამ სხდომა ჩაიშალა და შედეგად რა მიიღო საზოგადოებამ - ნაცემი 53 ჟურნალისტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ „შესაძლებელი იყო, რომ სხდომა გადარჩენილიყო“.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".