ნეფერტიტი - ეგვიპტელთა დედოფალი, ყველაზე გავლენიანი ქალი და სილამაზის სიმბოლო, რომელიც საუკუნეების შემდეგაც კი ადამიანებისთვის შთაგონების წყაროა. ლეგენდები და გადმოცემები მას თანამედროვეთა გონებაშიც აცოცხლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროებით ამ ქალის ცხოვრების დეტალებზე უტყუარი ცნობები მწირია.
ალბათ, არ გაგახსენდებათ ქალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში პოპულარობა ისე შეენარჩუნებინოს და ისე მოეხდინოს გავლენა ადამიანებზე, როგორც ნეფერტიტმა. დღემდე ის სილამაზის სიმბოლოდაა მიჩნეული.
და მაინც, ვინ იყო ნეფერტიტი? იყო მართლაც ისეთი ლეგენდარული, როგორც ისტორიის წიგნებიდან გვასწავლიდნენ, იყო ის ისეთივე შესანიშნავი, როგორიც ადამიანების წარმოდგენაშია, თუ მის შესახებ მხოლოდ წარმოსახვა გვაქვს და მისი დიდებულება მხოლოდ ჩვენივე გამოგონილი ლეგენდაა.
ქარიშხლიან, ცხელ და ქვიშიან ეგვიპტურ უდაბნოში,1912 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჰარდტმა არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად მიაკვლია იდუმალებით მოცულ და დიდი ხნის წინ დავიწყებულ უძველეს ეგვიპტურ ქალაქს, სადაც ძველ ნანგრევებში ჩაფლული 3300 წლის წინანდელი განსაცვიფრებელი ბიუსტი აღმოაჩინა - დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი.
კაცობრიობამ მისი საშუალებით ყველაზე ლამაზი უძველესი სახე იხილა და მოქანდაკე თუტმოსის ეს შთამებჭდავი სკულპტურა უძველესი ხელოვნების ყველაზე დაფასებული და აღმაფრთოვანებელი ნიმუში გახდა.
სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ისტორია და ლეგენდა შეიქმნა ულამაზეს და უკეთილშობილეს დედოფალზე, ლეგენდები ნილოსის ნაპირთან მცხოვრები ულამაზესი ქალღმერთის შესახებ, წერდნენ, რომ ის იყო მშვენიერი ქალიშვილების დედა, ფარაონ ეხნატონისა და მთლიანად ეგვიპტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ქალი.
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მისი სახელი რეალურად ჟღერდა არა როგორც ნეფერტიტი, არამედ როგორც ნაფტეტა, ზოგის აზრით კი მისი სახელი ასეთი იყო - ნფრტტ. სახელს კი ასე განმარტავენ - "ლამაზმანი მოვიდა" ან "მშვენიერი მოვიდა."
ადრე მიიჩნეოდა, რომ ნეფერტიტი მითანის სამეფოდან იყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ნეფერტიტი ეგვიპტელ დიდგვაროვანთა ოჯახს ეკუთვნოდა. სჯერათ, რომ მან მინიმუმ 40 წელი იცხოვრა.
დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1370 წელს. საინტერესოა, რომ აღმოჩენილია სავარაუდოდ, მისი მამის საფლავი, სადაც ვხვდებით ასეთ წარწერას - "ის იყო ჯადოსნური, მომხიბვლელი და საშიში ქალის მამა."
ნეფერტიტი იყო ამენჰოტეპ IV-ის (იგივე ეხნატონის ან ახეტატონის) მეუღლე, მაგრამ ამავდროულად, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნეფერტიტი თავად მართავდა ქვეყანას. არსებული ინფორმაცია მისი მეფობის შესახებ მიუთითებს, რომ დედოფალს სურდა შეეცვალა ტრადიციები.
მან შეცვალა სამეფო ქალების ცხოვრების წესები, მკვლევრები კი ვარაუდობენ, რომ ტრადიციების ცვლილების მცდელობა ძველ ეგვიპტელებს სახიფათოდ ეჩვენებოდათ და სწორედ ამიტომ, მას "საშიშ ქალს" უწოდებდნენ.
ეხნატონზე დაქორწინების შემდეგ, ნეფერტიტი ფარაონის კარზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი გახდა. ის იყო ოფიციალური ცერემონიებისა და სხვადასხვა რიტუალების ნაწილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფიგურა პოლიტიკაში. ის იყო იმ რელიგიური ცერემონიების ნაწილიც, რომელიც მხოლოდ მეფეს ეძღვნებოდა.
ზუსტად უცნობია როდის დაქორწინდა ნეფერტიტი ეხნატონზე, მაგრამ ცნობილია, რომ მათ შეეძინათ მინიმუმ ექვსი შვილი.
მოსაზრება, რომ ნეფერტიტი მართავდა ეგვიპტეს ეხნატონის შემდეგ, დედოფლის შესახებ ყველაზე საკამათო საკითხია. მკვლევარი ჯოან ფლეტჩერი, რომელიც თვლის, რომ ნეფერტიტის მუმია აღმოაჩინა, ვარაუდობს, რომ ყოველივე მისი მეფობის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს. მეორე მხრივ, მეცნიერები ზაჰი ჰავასი და საჰარ სალემი ამტიკცებენ, რომ აღმოჩენილი მუმია ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნეფერტიტის იყოს. ეს თემა ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული და კვლევის საგანია.
უძველესი დოკუმენტების დიდი ნაწილიდან ნეფერტიტის სახელი გამქრალია, ხოლო მისი გარდაცვალების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საიდუმლოებით მოცულ ამბად მიიჩნევა. ზოგიერთი ცნობით, ნეფერტიტი თავდაპირველად დაკრძალეს ამარნაში, მაგრამ ცხედარი მოგვიანების სხვა ადგილას გადაასვენეს, შესაძლოა, მეფეთა აკლდამაში.
მეცნიერები ამბობენ, რომ ის იყო ფარაონის კარზე ძლიერი მოთამაშე, რომელმაც მეტოქეები სწორი გათვლების წყალობით ჩამოიშორა. ის იყო გავლენიანი ლიდერი და ძლიერი ქალი, რომელმაც მიაღწია იმას, რაზეც მისი თანამედროვე ქალები ოცნებასაც ვერ შეძლებდნენ. ამიტომაც ამბობენ, რომ ფარაონის კარის წარმომადგენლები მის ჩრდილში ცხოვრობდნენ და მოგვიანებით შესაძლოა, ხელოვნურადაც კი ცდილობდნენ დედოფლის შესახებ ცნობების წაშლას.