ავტორი:

ბლეფის დიადი "კაიზერი" - "ლეგენადრული" ფეხბურთელის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია

ბლეფის დიადი "კაიზერი" - "ლეგენადრული" ფეხბურთელის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელმა კასტორ დე ანდრადემ, რომელიც ბრაზილიაში, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მსაჯებს და უბრალო მოქალაქეებს შიშის ზარს სცემდა და პრობლემებს ძველი, "კეთილი", მაფიოზური მეთოდებით წყვეტდა, ერთ დღეს ბედნიერმა გაიღვიძა - მის კლუბში ახალი სუპერვარსკვლავი კარლოს ენრიკე რაპოზო ითამაშებდა. თუმცა რაპოზო მხოლოდ პასპორტში ეწერა, თავად ითხოვდა, რომ არც მეტი არც ნაკლები კარლოს "კაიზერი" დაეძახათ. ფსევდონიმი კი ბეკენბაუერის პატივსაცემად დაირქვა. გასაოცარი ის იყო, რომ "ბანგუს“ 25 წლის ფორვარდს ცხოვრებაში გოლი არ გაეტანა, გოლი იქით იყოს და ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც კი არ მიეღი მონაწილეობა.

საქმე იმაშია, რომ 1980-იანებში არც ინტერნეტი იყო, მითუმეტეს არც "ვიკეპედია“ და "ტრანსფერმარკტი“, შესაბამისად, უცნობი ფეხბურთელის რეალური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.

"ბანგუს“ ახლად შეძენილი ფორვარდი არც თამაშობდა და გოლებიც არ გაჰქონდა. მუდმივად მკურნალობდა, ოჯახურ პრობლემებს აგვარებდა და ყველაფრით იყო დაკავებული გარდა ფეხბურთის თამაშისა. მოგვიანებით, სიტუაცია სენიორ კასტორსაც მობეზრდა. კარლოსის კონტრაქტი იწურებოდა, კლუბის მფლობელს კი ფეხბურთელი მოედანზე საერთოდ არ დაუნახავს.

"მისნიმე, პრეზიდენტმა დარეკა. ხვალ უნდა, რომ მოედანზე გიხილოს...“ - "ბანგუს“ მწვრთნელი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ "კაიზერი" დიდი არაფერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამის შესახებ კასტორს ვერ ეტყოდა. ეშინოდა. კარგად იცოდა, რომ სენიორი ხშირად არღვევდა ადამიანურ და იშვიათად საღვთო კანონებსაც. გამომდინარე აქედან, ვერ გაუბედავდა, რომ ეთქვა - მის მიერ მოყვანილი ფეხბურთელი, ფეხბურთელი არ არის. თვალებიდან არ ამოსდიოდა ის შემთხვევა, როცა ანდრადე რეფერის ხალხით სავსე სტადიონზე პისტოლეტით გაეკიდა. "კაიზერმაც" კარგად იცოდა კლუბის პრეზიდენტის ავტორიტარული ხასიათი და მწვრთნელის ზარის შემდეგ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ თავკაცი მას გუნდის განაცხადში შეიყვანდა, თუმცა ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას დაავიწყდებოდა "კაიზერი" და უფროსი აღარ გაბრაზდებოდა.

შვებით ამოსუნთქვის შემდეგ, ფორვარდი წავიდა იმის გასაკეთებლად, რაც ცხოვრებაში საუკეთესოდ გამოსდიოდა - ღამის კლუბში გართობა.

მეორე დღეს, როცა "ბანგუმ“ მატჩის დაწყებისთანავე 2 გოლი გაუშვა, ნაბახუსევზე მყოფმა ფებხურთელმა შიშისგან ერთი ლიტრი წყალი დალია. მხოლოდ მოჩვენებითი იმედიღა რჩებოდა, რომ მწვრთნელი საკუთარი თავის მტერი არ იყო და მოედანზე ისეთ ფეხბურთელს შეუშვებდა, რომელსაც რეალურად შეეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა. თუმცა პრეზიდენტის ლოჟადან ვიღაც ბიჭმა მოირბინა, კარლოსთან მივიდა და უთხრა, რომ დრო იყო საკუთარი თავი ეჩვენებინა.

მწვრთნელმა და ფორვარდმა ერთმანეთს წყლიანი თვალებით გადახედეს, კარლოსი კი მოსათელად წავიდა. გონებაში მოედანზე შესვლის არიდების რამდენიმე ვარიანტი გაიფიქრა, ერთ-ერთი კი გახურების დროს წაქცევა და მზის დარტყმის იმიტაცია იყო. თუმცა უკეთესი მოიფიქრა - მოთელვის დროს, მოწინააღმდეგის გულშემატკივრის სექტორში შევარდა და ჩხუბი დაიწყო. მსაჯს "ბანგუს“ ბოსის პისოტლეტის არ შეეშინდა და ფორვარდი მოედნიდან დაუფიქრებლად გააძევა. კარლოსს თამაში აღარ ემუქრებოდა, თუმცა წინ იყო კასტორთან საუბარი, რომელიც არანაკლებ სახიფათო იქნებოდა.

"ღმერთმა ჩემი ორივე მშობელი წამართვა, მაგრამ მე აქ მეორე მამა შევიძინე - ეს თქვენ ხართ - დაიწყო კარლოსმა აღსარება, როცა მაფიოზი გასახდელში ჩავიდა - ამიტომ, როცა ამ გარეწრებმა თქვენი შეურაცხყოფა დაიწყეს, ვერ მოვითმინე და გმირულად ავვარდი პასუხის მოსათხოვად! მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ. მეტ პრობლემას აღარ მოგიტანთ, ჩემი კონტრაქტი ისედაც იწურება...“

განრისხებულ სენიორ კასტორს თვალზე ცრემლი მოადგა, კაიზერს ჩაეხუტა და დაპირდა, რომ კონტრაქტს კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივებდა. მომავალ 6 თვეშიც, რა თქმა უნდა, ფორვარდს შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ინტერნეტში გავრცელებულია ერთადერთი ვიდეო, სადაც მას გოლი გააქვს, თუმცა ეს ფეიკია, ისევე როგორც მთელი მისი კარიერა.

ერთადერთი ბრაზილიელი, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარდა

კარლოს "კაიზერი"ს სიტყვა არ დაიჯერება, თუმცა მშობლებზე არ მოუტყუებია. ისინი 3 წლის სხვაობით გარდაიცვალნენ, პატარა აფერისტი, მაშინ 16 წლის იყო. როგორც ჩანს, "კაიზერი" ერთადერთი ბრაზილიელი ბიჭუნა იყო, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარდა. უფრო სწორედ, უშუალოდ ბურთის გორაობა არ ხიბლავდა, თორემ დიდება, გულშემატკივრების სიყვარული, ფული და ტიტულები უნდოდა. თუმცა ამის გამო ვარჯიშზე დაუღალავი მუშაობა და ჯანმრთელობის გარისკვა მაინცდამაინც არ სურდა. "ბოტაფოგოს“ საფეხბურთო აკადემიაშიც დედამ, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანა.

დიდ ბრაზილიელ ფეხბურთელ ზიკოსთან ერთად

"დედამ იმედი მომცა, რომ შემეძლო უზრუნველყოფილი ცხოვრება და კარგი შემოსავალი მქონოდა. მაგრამ ყოველდღე ვარჯიშებზე სიარული და მუშაობა არ მინდოდა", - იხსენებდა მოგვიანებით.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას დაემშვიდობებოდა, თუმცა მოულოდნელად მექსიკიდან, კერძოდ კი "პუებლუდან“ სკაუტები მოვიდნენ.

"მექსიკაში როგორც კი ჩავედი, პირველივე დღიდან სახლი მენატრებოდა. მე არ მომწონდა ეს ქვეყანა, არც მათი კერძები და საერთოდაც, ფეხბურთის თამაშიც არ მინდოდა. რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში მივიღე მონაწილეობა და ჯარიმიდან გოლიც გავიტანე, მაგრამ მალე მომბეზრდა და განვაცხადე, რომ კუნთის ტრავმა მივიღე და ფეხი მტკიოდა. ექიმებმა გამსინჯეს, ჩემ სიტყვებში ეჭვი შეიტანეს, მაგრამ საპირისპიროს როგორ დამიმტკიცებდნენ?“

ფეხბურთელის ვითომ კუნთის ტრავმა მომავალში მისი საფირმო მიზეზი გახდა, რომ მოედანზე არ გასულიყო.

“ფლამენგოსა“ და "ბოტაფოგოს“ ჭაბუკთა გუნდში კარლოსს საკმაოდ ნიჭიერ და იმედისმომცემ ფეხბურთელად თვლიდნენ. თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა და მწვრთნელებში დიდი სანდოობით სარგებლობდა. როცა ტრავმას იღებდა დიდი ხნით იკარგებოდა და აკეთებდა იმას, რაც რეალურად უყვარდა - ღამის კლუბებში ერთობოდა, იცნობდა ვარსკვლავებსა და ხიბლავდა ლამაზმენებს.

როცა კარლოსის "ტრავმების" მოშუშების ვადა ახლოვდებოდა, ფეხბურთელს ახალი პრობლემები ეწყებოდა. მაგალითად, ინფიცირება კბილის დაბჟენის დროს, აქ მას ექიმი ეხმარებოდა, რომელსაც საგანგებოდ გაურიგდა და ისიც ყველა შესაბამის დოკუმენტს უვსებდა.

რა თქმა უნდა, ლეგენდარული მატყუარა მომავალზეც ფიქრობდა. მდიდრულ წვეულებებზე ის ცნობილ ფეხბურთელებთან კავშირს ამყარებდა. მაგალითად, კარლოს ალბერტო, რიკარდო როშა და რენატო გაუშო, თავიანთ თუ სხვადასხვა კლუბებში, სადაც სიტყვა ეთქმოდათ, კაიზერს რეკომენდაციას უწევდნენ. ასევე, კარლოსი კარგად მეგობრობდა ჟურნალისტებთან, რომლებიც მასზე ხან ვრცელ სტატიას დაწერდნენ, ხან ჭორს გაავრცელებდნენ, არიქა, ფენომენი ფეხბურთელით ევროპული გრანდები დაინტერესდნენო და ასე შემდეგ.

"კაიზერი" პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბებია წარმატებით "მოკლა“.

12 წლის წინ სტივენ აირლენდმა მთელი მსოფლიოს გასაგებად სახელი გაიტეხა. მას ნაკრებში თამაში დაეზარა, მწვრთნელს უთხრა, რომ ბებია გარდაეცვალა და დაკრძალვაზე უნდა წასულიყო. ცბიერმა ჟურნალისტებმა მალევე გაარკვიეს ბებიის ვინაობა, დაუკავშირდნენ და აღმოჩნდა, რომ ის ჯანმრთელი და ცოცხალი იყო. სტივენიც არ დანებდა და განაცხადა, რომ მამის დედა გარდაეცვალა და არა - დედის. ჟურნალისტებმა ისევ მოიკვლიეს ინფორმაცია და კვლავ აღმოჩნდა, რომ აირლენდი იტყუებოდა. აფერისტი ფეხბურთელი სანაკრებო კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობა.

გამოიცანით, მსგავსი "ტრიუკის“ წარმატებით შესრულება ვის გამოუვიდოდა? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოვლად ნიჭიერ "კაიზერს". კარლოსი ბებიის, ბაბუისა და სხვა ნათესავების ვითომ გარდაცვალების მიზეზით ხშირად ითხოვდა შვებულებას. შემდეგ რამდენიმე კვირას იმატებდა - რაღაც პერიოდი ხომ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას სჭირდებოდა?! ბრაზილიაში, 1980-იან წლებში, სადაც ინტერნეტი კი არა, სატელეფონო კომუნიკაციებიც კი არ იყო განვითარებული, ვერავინ გაარკვევდა "კაიზერის' "ტრაგედიების“ ამბებს, მეტიც, არც დაინტერესებულან.

  • კაიზერმა ევროპელებიც გააცურა

კაიზერს ევროპაში თამაშის პატივიც ერგო. დიახ, დიახ, მის "ტრიუკებზე“ ფრანგული "აიაჩოც“ წამოეგო. "ლეგენდარული ბრაზილიელი მეფის“ პრეზენტაციაზე ასობით გულშემატკივარი მოვიდა. ტრადიციული ცერემონიის დროს, ფეხბურთელები თავიანთ შესაძლებლობების მცირე დემონსტრირებას ცდილობენ. ფანებმა კარლიტოს ფილიგრანული ტექნიკის ჩვენება მოსთხოვეს. ფეხბურთელი ბურთებთან მივიდა და მოულოდნელად ყველა მათგანი ფანებს გადაუგდო. ამან დაბნეულობა და გულშემატკივრის სიხარული გამოიწვია - ისინი მეცხრე ცაზე იყვნენ "ცოცხალმა ლეგენდამ“ მათ ბურთები დაურიგა. ასე ეშმაკურად აირიდა მორიგი შერცხვენა თავიდან.

ბებეტო, მის რეალურ შესაძლებლობებს იხსენებს:

"რა ფეხბურთელი, რის ფეხბურთელი, ერთი საჯარიმოდან მეორემდე ძლივს მიდიოდა. ოფლად იწურებოდა".

თუმცა გუნდელებს ის ძალიან უყვარდათ. "კაიზერი" მოედნის გარეთ გუნდის სული იყო, კარგი იუმორით, სიკეთითა და მოტივაციის გადაცემის უნარით ფეხბურთელებს ხიბლავდა. ყველას სურდა მასთან წვეულებაზე მისვლა.

დღეს მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა, კარლოსი ქალების ფიტნეს - ინსტრუქტორია. როგორც უკვე მიხვდებოდით, გართობა, ფლირტი, სექსუალური ურთიერთობები - ეს ყველაფერი მისთვის კვლავ აქტუალურია.

"მხოლოდ იმას ვნანობ, რომ მშობლების იმედი ვერ გავამართლე. მათ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ჩემიდან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა, მაგრამ მე ეს არ მსურდა“, - ამბობს "კაიზერი".

ჩვენს დროში კარლოსის ტყუილებით ფონს გასვლა შეუძლებელია, თუმცა ის უკვე ისტორიაში შევიდა. და მართლაც, გაუგონარია, როგორ შეიძლება ცხოვრებაში ერთი მატჩიც კი არ გქონდეს ნორმალურად ჩატარებული და ზოგიერთ იმ ფეხბურთელზე პოპულარული იყო, ვინც მთელი ცხოვრება მოედანზეა...

ავტორი: ანრი კურტანიძე