საარჩევნო ბიულეტენების 100 %-ის დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთი“ 49.82 %-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა "რუსეთის კომუნისტური პარტია" 18.93%-ით. მესამე ადგილზეა "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" 7.55%-ით.
სათათბიროს ქვედა პალატაში ასევე შედიან „სამართლიანი რუსეთი“ 7.46% და „ახალი ადამიანები“ 5.32%-ით.
პარტიებს, სახელმწიფო სათათბიროში მოსახვედრად, 5 %-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.
წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ 198 ერთმანდატიან ოლქებშიც ლიდერობს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ხუთი წლის ვადით, შერეული სისტემით ირჩევა: 225 დეპუტატი პარტიული სიით, 225 კი - ერთმანდატიან ოლქებში.
რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 17-დან 19 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ამომრჩევლებს ასევე საშუალება ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული კენჭისყრის გზით მიეღოთ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ ათასობით დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები. ამასთან, Golos-ის ინფორმაციით, მიიღეს "უამრავი შეტყობინება" ადამიანებისგან, რომ ისინი დამსაქმებლებმა აიძულეს, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ პირველად 1993 წლის შემდეგ, არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საარჩევნო დამკვირვებლები.