ავტორი:

საგანგებო საპარლამენტო სხდომისთვის არც "ოცნებაში" და არც "ნაცმოძრაობაში" სცალიათ - რატომ დაემთხვა ერთმანეთს კობახიძის და მელიას განცხადებები?

საგანგებო საპარლამენტო სხდომისთვის არც "ოცნებაში" და არც "ნაცმოძრაობაში" სცალიათ - რატომ დაემთხვა ერთმანეთს კობახიძის და მელიას განცხადებები?

ფაქციების - "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვი“ და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ინიციატივას, საგანგებო საპარლამენტო სხდომის მოწვევასა და ფარულ ჩანაწერებზე სუს-ის ხელმძღვანელობის დაბარებაზე, როგორც "ქართულმა ოცნებამ“, ისე "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი აუკრა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის მიხედვით, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საპარლამენტო სხდომა არ ტარდება.

"ვერავითარი სხდომა ვერ შედგება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი არის თავიდან ბოლომდე ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ასევე, არის რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში საპარლამენტო სხდომა არ ტარდება. ეს იცის "ლელომ“, ამის მიუხედავად, რაღაცას სპეკულირებენ, რაც არ არის სწორი მოქმედება“, - განაცხადა მან.

მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით კი, ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნის პოპულიზმისთვის გამოყენება სურს.

საინტერესოა, რომ ამჯერად "ქართული ოცნების" რიტორიკას დიდწილად დაემთხვა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება ამ საკითხზე. ისევე, როგორც "ოცნებაში", "ნაცმოძრაობაშიც" საგანგებო სხდომისთვის არ სცალიათ.

"2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მოკლედ, "ოცნება" ამტკიცებს, რომ ეს სხდომა ოპოზიციას სჭირდება პოპულიზმისთვის, "ნაცმოძრაობა" კი მსგავსი სხდომის გამართვას "ივანიშვილის თავყრილობად" აფასებს. მოკლედ, ისრები ქართული პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს ერთმანეთზე ისე გადააქვთ, რომ ცდილობენ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი აღარ დატოვონ.

მათი ქცევის მთავარი სტრატეგია სწორედ ეს არის - ისინი თან მტრობენ ერთმანეთს და თან პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ადგილის შენარჩუნებას ერთმანეთის დახმარებით ცდილობენ.

"ამ ორ ძალას შორის არაფერი იცვლება. არაერთხელ მითქვამს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ. ბუნებაში არსებობს ასეთი ანტაგონისტური სიმბიოზები, რომლებიც თითქოს ერთმანეთის მტრები არიან, სინამდვილეში კი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ორივეს თავისი ამოცანა აქვს. არ ვამბობ, რომ "ნაცმოძრაობის" ზეამოცანაა მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩენა, მაგრამ ეს არის მისი პროგრამა-მინიმუმი", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მოკლედ, ისევ ყბადაღებული "შუის გაკრეფის“ (ე.წ. მიუმხრობელი პარტიების ჩაძირვის) პროცესი მიმდინარეობს. ამას მოწმობს გახარიას ერთმანეთისთვის მიტმასნების მცდელობაც.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს, რომ ზუსტად ასეა, იგივე მეორდება, რასაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების პირობებში ვადევნებდით თვალს. მისივე თქმით, ქვეყნისთვის გრძელვადიანად ყველაზე ცუდი ისაა, თუ პოლარიზაცია გაგრძელდება.

"მთავარი ისაა, რომ დაძაბულობა არსად მიდის, მტრული, ისტერიული გარემო უფრო და უფრო უარესდება, თუ ასე გაგრძელდა, ვიქნებით გაჩერებულები, არც წინ წავალთ, არც - უკან. ასე ჰაერში ვიქნებით გამოკიდებული. გამოსავალზე რა გითხრათ, ეს რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიქნებოდით“.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- რა თქმა უნდა, ორივე ძალა ცდილობს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ორპოლუსიანობამ გარკვეული შედეგები მოუტანა მმართველ პარტიას, ასევე "ნაციონალურ მოძრაობას". მას მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი მიენიჭა. როგორც ჩანს, ეს სტატუსი რეალურად დამაკმაყოფილებელია. თუმცა დეკლარაციულად აცხადებენ, - ყველაფერი უნდა შევცვალოთო.

ორივე მხრიდან სტრატეგია ლოგიკურად გასაგებია, ამიტომ ცდილობენ გახარიას პარტია ერთმანეთს "შეტენონ" და ამ გზით ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ.

ისეთი გამწარებული ბრძოლაა გახარიას მისამართით, სავარაუდოდ, ეს თავის "შედეგს“ გამოიღებს იმ მხრივ, რომ მოსახლეობა დაასკვნის - რადგან ერთიც ებრძვის და მეორეც, მესამე, ვისაც ვეძებდით, ეს არისო.

მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ ბოლო ეტაპზე ბევრი შეცდომა დაუშვა, ამათი დამსახურებით, მასთან გამწარებული ბრძოლის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ გაცილებით მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე ეს "მშობლიურ“ სოციოლოგიაშია აღწერილი და ისეთ მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, ორპოლუსიანობას რომ შეამცირებს ქართულ პოლიტიკაში.

- დანარჩენი ოპოზიცია როგორ გამოიყურება და რა საარჩევნო შანსები აქვს?

- არანაირად არ გამოიყურება. იგივე სოციოლოგია მათ ქულებს აკლებს, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოების დამოკიდებულებაც ვიცით. ვერცერთმა ცალკე აღებულმა პარტიამ, ის კი არა, მთლიანად ოპოზიციამ აქციებზე ხალხი ვერ მიიზიდა. ასეთი გამთლიანებული აქცია არაერთი მოეწყო. თუკი გამთლიანების პირობებში, ამდენი პარტია 4-5-10 ათასზე (თუნდაც ოცი იყოს) მეტ მხარდამჭერს ვერ აგროვებს ქუჩაში, მეეჭვება არსებითი შედეგი აჩვენონ საიმისოდ, რომ უფრო ღონივრად შეაბიჯონ ორპოლუსიან სივრცეში. სავარაუდოა, მცირე პარტიები უფრო ნაკლებ პროცენტებს მიიღებენ, ვიდრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს.

ავტორი: მერაბ ბერიძე