ავტორი:

როგორ თბილისში სურთ ჩვენს შვილებს ცხოვრება? – ქალაქში ახალი ბილბორდები გამოჩნდა

როგორ თბილისში სურთ ჩვენს შვილებს ცხოვრება? – ქალაქში ახალი ბილბორდები გამოჩნდა

თბილისის ბილბორდები ბავშვების თვალით დანახული თბილისის ნახატებმა დაიკავა. მათი თბილისი რეალური ქალაქისგან განსხვავებით ხეებითა და ჰაერით სავსეა.

გიფიქრიათ კი, როგორ ხედავენ თბილისს ბავშვები? ან როგორ თბილისში სურთ მათ ცხოვრება? ამ საკითხზე პოლიტიკოსები თუ ფიქრობენ? სწორედ ამ კითხვებზე დასაფიქრებლად და პასუხების მისაღებად პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“ დაიწყო კამპანია, რომელიც განსხვავებული, საინტერესო და დამაფიქრებელია.

ბავშვების თვალით დანახული თბილისი პარტიის კამპანიის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე კი ბილბორდებზე თბილისის აქტუალურ პრობლემებზე იყო კითხვები დასმული, რომელიც პოლიტიკოსების ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად.

როგორც პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი განმარტავს, კამპანიის პირველი ეტაპი, აგრესიული წითელი ბილბორდები წარმატებით დასრულდა. საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ მნიშვნელოვანია, დღეს პოლიტიკოსებმა არა მხოლოდ ხმების გადანაწილებაზე იზრუნონ და არამედ ქალაქისთვის აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელონ და მოქალაქეებს რეალური გეგმები შესთავაზონ. ახლა კი კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლითაც სურთ აჩვენონ ყველაზე მთავარი, თუ როგორ ხედავენ ჩვენი შვილები იმ პრობლემებს, რაც თბილისს აწუხებს.

"როგორი მომავალი აქვს თბილისს? როგორ ქალაქს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს და როგორი შეიძლება ის იყოს, თუ ყველა ერთად მოვინდომებთ, თბილისს რომ მივხედოთ? ეს არის უმთავრესი თემა, რომელსაც ძირითად ყურადღებას უნდა ვუთმობდეთ მოქალაქეებიცა და პოლიტიკოსებიც. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზეც არავის სცალია აღნიშნულზე სასაუბროდ. ისე ვიკარგებით კინკლაობაში, რომ საერთოდ გვავიწყდება ჩვენი მთავარი საქმე. მართლა რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს? ან როგორ ქალაქში უნდათ მათ ცხოვრება? ცემენტის ჯუნგლებსა და მანქანების ტყეებში? გაუკვალავ ბოლსა და გადათხრილ ტროტუარებზე? ერთხელ მაინც გიკითხავთ, როგორ თბილისში უნდათ, რომ ცხოვრობდნენ? ჩვენ ვკითხეთ და საოცარი პასუხები მივიღეთ. მოულოდნელია, მაგრამ პატარები ძალიან ნათლად ხედავენ ქალაქის პრობლემებს. ჩვენმა შვილებმა კარგად იციან, როგორი თბილისი უნდათ, თუმცა მათ არავინ უსმენს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ შევალთ ისტორიაში – ქალაქი, რომლემაც შვილები გაწირა, თუ ქალაქი, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომავალზე. მივხედოთ თბილისს ჩვენი შვილებისთვის. არ არის ამაზე ღირებული მიზანი და საქმე დედამიწაზე,“ – განმარტავს ლევან იოსელიანი.

\

სხვადასხვა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიააზე დაკვირვებისას ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ საკითხებზე მართლაც ცოტა თუ ფიქრობს. ბავშვების ნახატებიანი ბილბორდები განსაკუთრებით ჰუმანურია იმ გარემოში, რაც თბილისში ხდება. სისხლიანი ბილბორდები და პარტიების ერთმანეთში დაპირისპირება საზოგადოებას აგრძნობინებს, რომ მათი პრობლემები პოლიტიკოსებისთვის მეორეხარისხოვანია და მათთვის მთავარია, მმართველი ძალაუფლება მოიპოვონ.

მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიურად დაფიქრდეს ყველა პარტია ფართო საზოგადოების, განსაკუთრებით, ბავშვების, მომავალი თაობის ინტერესებზე. ქალაქს კი განვითარების ისეთი გეგმა შესთავაზონ, რომელიც რეალურ ცვლილებებს გულისხმობს და ბეტონის შენობებით დატვირთულ და გამონაბოლქვით გაჟღენთილ თბილისის რეალური განვითარების შანსს მისცემს.