ავტორი:

"დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა" - რას აცხადებს რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

"დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა" - რას აცხადებს რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება - დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" მის კანდიდატურას არ მოხსნის, ეს იქნება იმის დასტური, რომ ამომრჩეველი არაფრად მიაჩნია და აბუჩად იგდებს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, "ქართული ოცნება" ამისთვის არჩევნებზე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

"ის, რაც დმანისში მოხდა, ყოველ წელს ხდებოდა არჩევნების წინ, ვინმე ამ 9 წლის განმავლობაში გინახავთ ამაზე სასჯელმისჯილი? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანი და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება. უნდა მოხსნას კანდიდატურა ამ დამნაშავის მამამ დაუყონებლივ, რომელიც თურმე აცხადებდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო და საზოგადოებას ატყუებდა პირდაპირ ეთერში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი ძალადობრივი ხერხით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას, ვერ მიაღწევენ, ვერ გადალახავენ 43 პროცენტს და გაიმართება რიგგარეშე არჩევნები," - განაცხადა გოცირიძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს.

"რამდენადაც მოვისმინე, გაკეთდა განცხადება, რომ პიროვნება გამოცხადდა თვითონ პოლიციის განყოფილებაში, გაგრძელდება ალბათ, საგამოძიებო მოქმედებები და გვეცოდინება მეტი ამ შემთხვევაზე. ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შედეგები დადგეს.

სიმართლე გითხრათ, თავისთავად, ეს ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა, არავისთვის კარგი არ არის და ამას ყველა გრძნობს და განიცდის. ამ პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია, ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს და საკმარის მიზეზს იმისთვის, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა. თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ ვითარება შეიძლება ისეთი იყოს, სადაც შეიძლება ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს მოუწიოს, თუმცა, ამ წუთას ასეთ მოცემულობას, ნამდვილად ვერ ვხედავ. თვითონ კანდიდატმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუ უნდა მიიღოს და მეორე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, რომ ასეთი საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ეს ჰიპოთეტურად არ გამოირიცხება, ეს არ გამოირიცხებოდა არც გუშინ და არ გამოირიცხება არც დღეს ფაქტების იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც მე მაქვს და ინფორმაციის ამ პირობებში. როგორი იქნება გადაწყვეტილება მომავალში, ამის თაობაზე მოლოდინებს ნუ შექმნის ჩემი ნურც ერთი განმარტება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორ ცუწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.