ავტორი:

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა, აქ ღირსებაზეა საუბარი..." - მარნეულში 28 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის დედა

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა, აქ ღირსებაზეა საუბარი..." - მარნეულში 28 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულის დედა

მარნეულში, ჯავიდ ჩოვდაროვის მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 28 წლის მამაკაცის საქმეზე 3 პირია დაკავებული, მათ შორის ქალი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დაკავებულის დედა "მთავართან" ამბობს, რომ ინციდენტს წინ ფინანსური დავა არ უძღოდა და საკითხი "ოჯახის ღირსებას" ეხებოდა.

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, გარდაცვლილის დედა გვადანაშაულებს, რომ ფულის გამო მოკლეს, ეს ტყუილია. აქ ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა და მაგიტომაც მოხდა ეს ამბავი. დიახ, იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა კიდევ ვამბობ აქ ღირსებაზეა საუბარი და სჯობს დანარჩენზე გამოძიებამ გასცეს პასუხი. მეტი კომენტარის გაკეთებას არ გვინდა", - ამბობს დაკავებულების დედა.

ეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ძმების შურისძიების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ჩოვდაროვს ერთ-ერთ გოგონასთან კონფლიქტი მოუვიდა. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის ბიჭი ჯერ გაიტაცეს, სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხ შეკრული წყალში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი,1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.