"ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცერცვაძის განმარტებით, მას არ ესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც ყველა პირობა აქვს შექმნილი ვაქცინაციისთვის და არ იცრებიან.
"ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: "მე გავიკეთებ მხოლოდ "ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, "ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. "ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს "სინოვაკი“, "სინოფარმი“ , "ასტრაზენეკა“, მივიღებთ "ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, - განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, "ფაიზერის“ სხვადასხვა პარტიებია ქვეყანაში, ამ ეტაპზე ვადაგასული ნამდვილად არ არის არც ერთი, მაგრამ "თუ ასე იქნება გაუვა“. ცერცვაძის თქმით, საქართველოში ასაცრელი სულ 300-მდე პუნქტია.
"საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს მერე გამოვა ახლა, ვიღაცა და დაიტლიკინებს, ამის არ რცხვენია, რომ ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა. რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, “ფეისბუქი“ ყველა გამუდმებით ამაზე ლაპარაკობს. თქვენ რა გგონია, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.