ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ისრაელში, უკიდურესად მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, სადაც კოვიდის მენეჯმენტი მსოფლიოში საუკეთესოა, ვიდრე მასიურ ვაქცინაციას შეძლებდნენ, კოვიდით გარდაცვალების 150 შემთხვევა იყო {დღეში}. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მასიური ვაქცინაცია შეძლეს და მინიმუმ 2/3 სრულად არის აცრილი, სიკვდილობამ იკლო და უკვე დღეს, გარდაცვალების 9 შემთხვევა დაფიქსირდა.
"არ გვინდა ეს საქართველოს? - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ჩვენთანაც გარდაცვლილთა რიცხვი არ იყოს 9-ზე მეტი. უფრო მეტიც, არ იყოს 5,6,7-ზე მეტი. ჩვენ უდიდესი ძალისხმევით, ისე რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, შევამცირეთ გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე, რაც უზარმაზარი ძალისხმევად უჯდება სახელმწიფოს. მხედველობაში მაქვს დეფიციტური მედიკამენტების მოპოვება, შემოტანა ისეთების, რომელიც მსოფლიოს სულ 2-3 ქვეყანაში გამოიყენება, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში და სხვაგან ჯერ არც არის. ეს არის ექიმების მაქსიმალური თავგანწირვა. დღე და ღამე არ ტოვებენ კლინიკებსა და რეანიმაციებს. ამის ხარჯზე გავანახევრეთ სიკვდილობა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ რომ დღეს ვაქცინირებული ვიყოთ, მივაღწიოთ ქვეყნის 2/3-ის ვაქცინირებას და თუ ჩვენი სიკვდილობა იქნება, რაც არის ისრაელში - 6,7,8 შემთხვევაზე მეტი, მზად ვარ პასუხი ვაგო. საერთოდ, ეს სიტყვა, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩვენთან ცოტა ფასდაკარგულია და არაფერს ნიშნავს, სიტყვას ნიშნავს მხოლოდ. მე ავიღებ პასუხისმგებლობას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადავდგები, თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილობა იქნება 6-ზე ან 7-ზე მეტი.
თითოეული დაკარგული ადამიანი არის ჩაწყვეტილი სიმი ქვეყნის ცხოვრებაში, უდიდესი გულისტკივილი ოჯახის წევრებისთვის. რამხელა გულისტკივილს გამოხატავენ ოჯახის წევრები და "ფეისბუქი“ სავსეა გულშიჩამწვდომი, რომ აგეტირება ისეთი პოსტებით ადამიანებზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.