ავტორი:

ხელფასის შემცირებული ოდენობით ჩარიცხვა, ანაზღაურების დაგვიანება, პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი განაწილება - რა დარღვევები აღმოაჩინეს კოვიდკლინიკებში?

ხელფასის შემცირებული ოდენობით ჩარიცხვა, ანაზღაურების დაგვიანება, პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი განაწილება - რა დარღვევები აღმოაჩინეს კოვიდკლინიკებში?

შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი გადანაწილების კუთხით, 111 კოვიდკლინიკიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალზე თანხის არათანაბარი გადანაწილებისა და შვებულება/ბიულეტენის აუნაზღაურებლობის მიმართულებით, 111 კოვიდკლინიკიდან უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძე არ გამორიცხავს, რომ დარღვევების გამო კლინიკების ნაწილი დაჯარიმდეს.

"შრომის ინსპექცია კლინიკებში იკვლევს ბოლო ერთი წლის, 2020 წლის ივნისიდან პერიოდს. ინსპექტირების პროცესი დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, იმდენად მოცულობითია დოკუმენტები, დღემდე მის დამუშავების პროცესში ვართ.

შრომის ინსპექციაში შემოვიდა დასაქმებულთა საჩივარი. ცხადია, არ მოვახდენ იდენტიფიცირებას, თუ რომელი კლინიკიდან მოგვმართეს, სადაც დასაქმებულთა საჩივრის წერილში მითითებული იყო, რომ არ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დანამატების და სახელფასო ფონდის ანაზღაურება, ან ეს ანაზღაურება გვიანდებოდა. ორ კლინიკაზე იყო შემოსული საჩივარი, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა კლინიკა შეგვემოწმებინა, რომელიც კლინიკის მართვაში იყო ჩართული. შემოწმებულია ყველა, 111 კოვიდკლინიკა და დარღვევები მათ აბსოლუტურ უმრავლესობაშია გამოვლენილი. თუმცა, არის საგამონაკლისო შემთხვევები, სადაც ფიქსირდება, რომ ყველა პროცედურა ცალსახად და ზედმიწევნითაა შესრულებული, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში იყო განსაზღვრული.

კოვიდკლინიკების ინსპექტირების, შემოწმების პროცესი მოიცავს როგორც უშუალოდ ტერიტორიის დათვალიერებას, ასევე დოკუმენტების გამოთხოვას, ასევე, დამსაქმებლისა და პერსონალის გასაუბრების პროცესს. როგორც აღვნიშნე, ჩვენ უკვე შევამოწმეთ 111 კლინიკა და ასევე იგეგმება იმ კლინიკების შემოწმება, რომელიც ბოლო პერიოდში დაემატა.

ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლის პროცესი, რათა გავაანალიზოთ ყველა ის ბენეფიტი, რომელიც დასაქმებულებს უნდა მიეღოთ კოვიდის მართვის პერიოდში - რამდენად მოხდა მისი პრაქტიკაში რეალიზება.

ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია სრულად ვისაუბროთ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც გამოვლინდა, ვინაიდან დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში ვართ. მაგრამ ამ ეტაპზე გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რომელიც უკავშირდება ძირი შრომის ანაზღაურების და ასევე ხელფასის შემცირებული ოდენობით ჩარიცხვას. ასევე, დაფიქსირდა ანაზღაურების დაგვიანების ფაქტებიც. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ ხელფასის განკარგვა და ცვლილება განხორციელდა დამსაქმებლის მხრიდან, რაც ასე არ უნდა იყოს, ვინაიდან ნებისმიერი ცვლილება შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს - ანაზღაურების საკითხი სწორედ დასაქმებულთან შეთანხმებას მოითხოვს. რამდენიმე კლინიკაში ასევე შეგვხვდა არათანაბარი მიდგომები, ვგულისხმობ პერსონალზე თანხის არათანაბრად გადანაწილებას. გარდა ამისა, იყო შვებულებასთან და ბიულეტენის აუნაზღურებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის ძირითადი დარღვევები, რაზეც ამ ეტაპზე შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ. დამატებით შესწავლა მიმდინარეობს და საკმაოდ მოცულობითია ის დოკუმენტები, რომელიც კლინიკების მხრიდან არის მოწოდებული, ვაანალიზებთ ამას და უახლოეს პერიოდში მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით",- განაცხადა ფერაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, მოკვლევის საბოლოო შედეგი ოქტომბერში გამოქვეყნდება.