ავტორი:

"ასე თუ გაგრძელდა, პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა" - როდის გველოდება პანდემიის მე -5 ტალღა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაცია მასშტაბური გახდეს?

"ასე თუ გაგრძელდა, პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა" -  როდის გველოდება პანდემიის მე -5 ტალღა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაცია მასშტაბური გახდეს?

რა გველოდება კორონავირუსის მეხუთე ტალღის დროს და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ვაქცინიცირებული ადამიანების ყოველდღიური ციფრი გაიზარდოს? - ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ევრონიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პანდემია განვითარებულ ქვეყნებში გაზაფხულზე დასრულდება, მაგრამ აცრის ასეთი ტემპით საქართველოში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნება, ვიდრე ახლაა.

"ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი მუდმივად ერთ დონეზე ვერ დარჩებოდა და დაიკლებდა, ამიტომ ახლა უნდა მოჰყვეს სპეციალური კამპანია სახელმწიფოს მხრიდან. ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში მსგავსი ტიპის ყოყმანი მაშინ გაჩნდა, როდესაც მოსახლეობის ნახევარი აიცრა, ჩვენს ქვეყანაში, ეს მომენტი უფრო ადრე დადგა.

როდესაც საქართველომ წლის დასაწყისში ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შეადგინა, სამიზნე მაჩვენებელი მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტით განისაზღვრა, ეს არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი, თუმცა დელტა ვირუსის აჩქარებიდან გამომდინარე, ეს ციფრი ახლა გადასახედია. სხვანაირად პანდემიის დაუსრულებული ტალღებიდან ქვეყანა ვერ გამოვა", - ამბობს ის.

მისი თქმით, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც ბევრია, თან მაშინ, როდესაც აუცრელი ადამიანების ყველაზე დიდი პროცენტი 50 წელს ზევით მოდის.

"საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია ყოველდღიურად 2000 შემთხვევაც. თუ 50 წლის ზევით ადამიანების დიდი ნაწილი აიცრება, მაშინ ჰოსპიტალიზაციის ნაწილი არ გადაიტვირთება, მაგრამ ჩვენთან ასაკოვანი მოსახლეობის დიდი წილი აუცრელია, რაც ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს კულუმბეგოვი.

რაც შეეხება ვირუსის ტალღებს, ექიმი მეხუთე ტალღას დეკემბრის ბოლოს პროგნოზირებს, რისი შედეგებიც შემაშფოთებელი იქნება.

"ვირუსმა დაგვანახა, რომ სამი თვე მიმდინარეობა აქტიურია, შემდეგ შედარებით სიმშვიდეა, მერე ისევ აღმავალი ციფრები იწყება, თუ ვაქცინაციით არ უპირისპირდება ქვეყანა. ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა ველოდეთ აღმავალ ციფრებს და ახალ ტალღას.

ქვეყანამ მეხუთე ტალღის წინ უნდა იცოდეს რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი კორონავირუსი, ამისთვის კი საჭიროა ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა. საქართველოში ორჯერადად აცრილი რვაასი ათასი ადამიანია და აქედან ნახევარ მილიონზე მეტია, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ამიტომ თუ ადამიანების დიდი ნაწილი ქვეყანაში აუცრელია და მათ არ გადაუტანიათ კოვიდი, მეხუთე ტალღის დროს შეიძლება ძალიამ მძიმე სიტუაცია იყოს".

რაც შეეხება ვაქცინების ვადას, ამ კუთხით ალერგოლოგის პროგნოზი ასევე შემაშფოთებელია. აცრილი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინების გაფუჭებას, მათ მისცენ არჩევანი, რომ ბუსტერ დოზით აიცრან. თუმცა ბუსტერის გამოყენებას ამ ეტაპზე კულუმბეგოვი ეჭვქვეშ აყენებს.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცარიელია იმუნიზაციის ცენტრები, ინერციით მისული 7-12 ათასამდე მოქალაქეს თუ არ ჩავთვლით. ისინიც მეორე დოზაზე მისული ადამიანებია. ძალიან შემცირებულია პირველ დოზაზე მიმართიანობა და ეს რისკის წინაშე გვაყენებს. ვიცით, რომ ასტრაზენეკას ვადა გასდის ოქტომბერის, ფაიზერს კი ნოემბრის ბოლოს. ჩემი ინფორმაციით, ჩინურ ვაქცინებს უფრო დიდი ვადა აქვს. ჩვენ ხომ არჩევნებიდან-არჩევნებამდე მივყვებით პანდემიას და იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ ვაქიცნაციაზე იქნება მეტი აქცენტი და გამოუყენებელი არ დაგვრჩება.

რაც შეეხება „ბუსტერ“ დოზას, გადაწყვეტილება მიიღება ოქტომბერი, ნოემებრი და დეკემბერის თვეში, მსოფლიო პრაქტიკის გათვალიწინებით და ეს იქნებიან რისკ ჯგუფები და ასაკოვანი ადამიანები, ახალგაზრდების შემთხვევაში "ბუსტერ“ დოზას მე პირადად მხარს არ დავუჭერ".

როდის დასრულდება პანდემია ამაზე კულუმბეგოვს ერთი პასუხი აქვს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და სწრაფად წავა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი:

"თუ მაქსიმალური მაჩვენებელის ვაქცინაციას მივაღწევთ, კლინიკებში არ მოვხვდებით და მძიმე დაავადების განვითარების რისკებს შევიმცირებთ, ეს ნიშნავს რომ პანდემია დასრულებულია. მსოფლიოს განვითარებული სამყარო ამას 2022 წლის გაზაფხულზე მიაღწევს და სამწუხაროდ, ჩვენ დაგვიგვიანდება თუ ფეხს ვერ ავუბამთ ამ ყველაფერს".