მათ რომ დღეს შეეძლოთ, საბედნიეროდ არ შეუძლიათ, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, ათჯერ უარესს გააკეთებენ, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მისცემს, ამის ავანგარდში ვიქნებით ჩვენ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ქართველ ხალხთან ერთად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა და მომხდარი „ნაცმოძრაობის“ მორიგ პროვოკაციად შეაფასა.
მამუკა მდინარაძე მოუწოდებს მხარდამჭერებს, არ წამოეგონ პროვოკაციებზე, რათა „არ ისარგებლოს ამით „ნაცმოძრაობამ“.
„ვისაც კი ვიცნობდი და კადრებში ამოვიცანი, პირადად დავუკავშირდი პირადად მოვიძიე ნომრები, ვისიც არ ვიცოდი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: რაც იქ შეიძლება მოხდეს, თუნდაც სიტყვიერი კამათი, როგორც პირად საუბრებში გვეუბნებოდნენ, რომ ვეტყვით იმას, რასაც იმსახურებს, ესეც კი მძიმე პროვოკაციას გამოიწვევს და ეს აწყობს მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ და ყველას ვთხოვ, ნუ გავაკეთებთ იმას, ნურც დღეს და ნურც მომავალში, რაც „ნაცმოძრაობას“ აწყობს. მათ აქვთ წაგებული პირწმინდად არჩევნები. ნიკა მელია, როგორც ჩანს, დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს წინა კვლევებთან შედარებით რეიტინგი. ამ გაღიზიანების ფონზე მას დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციებზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, უმძიმესია. ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად საკუთარ თავზე გამოცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ იმისათვის, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ და არ ისარგებლოს ამით „ნაცმოძრაობამ“. მეტი შანსი არ აქვთ, ერთადერთი გზა, ერთადერთი პლატფორმა მათი არის ტყუილი და პროვოკაცია და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან შეხვედრას მართავენ, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ.